ილია ჯიშკარიანი

პროკურატურა ჯიშკარიანისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიან გირაოს ითხოვს

პროკურატურა საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმეზე, რომელსაც თანაშემწე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვს. 

ტაბულასთან საუბრისას პროკურატურა ამბობს, რომ ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს. 

ამ ფაქტს დაზარალებული თამთა თოდაძის უფლებადამცველები გამოეხმაურნენ. სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე გამართულ პრესსკონფერენციაზე ბაია პატარაიამ თქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც პროკურატურა მძიმე დანაშაულისთვის გირაოს ითხოვს და მოსამართლეს საშუალებას არ აძლევს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. 

"ამ საქმეში ილია ჯიშკარიანმა ერთხელ უკვე წაშალა კვალი დანაშაულისა, როდესაც თავის ცოლს და თანამშრომლებს პირწმინდად დაალაგებინა დანაშაულის სცენა. შეგახსენებთ მეორე ფაქტს, როდესაც ის მოწმეებზე ზეწოლას შეეცადა, როდესაც მან მიუგზავნა ადამიანი მოსალაპარაკებლად და ჩვენებებით დასტურდება, როგორც დანაშაულის დალაგების ადგილი და ისე მომლაპარაკებელის ამბავი და 2-2-ჯერ შეხვდა როგორც ბრალდებულს, ასევე დაზარალებულის მხარეს,"- ამბობს პატარაია. 

პატარაიას თქმით, ჯიშკარიანი გავლენიანი პოლიტიკოსია, რომელსაც როგორც თბილისის მერი, ისე ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ. პატარაიას თქმით, ისინი განცხადებით მიმართავენ პროკურატურას და მათგან მოითხოვენ ოფიციალურ ახსნა-განმარტებას, თუ რას ეყრდნობა მათი გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. 

"მუხლი არის ძალიან მძიმე და საფრთხე არსებობს აბსოლუტურად რეალური და სერიოზული, რომ ის ისევ არაერთხელ შეეცდება ხელი შეუშალოს გამოძიებას, გარდა იმისა, რომ პროკურატურა თვითონ აფარებს ხელს ილია ჯიშკარიანს,"- ამბობს პატარაია. 

უფლებადამცველი ასევე ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ილია ჯიშკარიანის მძიმე მდგომარეობას. 

"თბილისი საკმაოდ პატარა ქალაქია. ჩვენ ექიმებისგანაც ვიცით, რომ მას არაფერი არ სჭირს და არცერთი სერიოზული გადაუდებელი პროცედურა, რომელიც სტაციონარს საჭიროებს, არ უტარდება და ამის გადამოწმება ძალიან თავისუფლად შეუძლია პროკურატურას," - თქვა პატარაიამ. 

ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო 12:30-ზე იმსჯელებს. პროცესი, დაცვის მხარის მოთხოვნით, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში გაიმართება, სადაც ჯიშკარიანი მას შემდეგაა, რაც თოდაძემ საქმეზე საჯაროდ ისაუბრა. 

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ბრალი წაუყენა ილია ჯიშკარიანს.

კომენტარები