მუქარის წერილი

ხაზარაძე: მუქარის წერილის დედანს პროკურატურაში ჩავაბარებთ, თავისი 120 ანაბეჭდით

0 კომენტარი
ფოტო: ტვ. პირველი

ლელოს დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ე.წ მუქარის წერილის დედანს, რომელიც მისი თქმით ყოფილმა შს მინისტრმა და ახლანდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა, პროკურატურას გადასცემს.

ხაზარაძემ ტვ. პირველის ეთერში თქვა, წერილზე აღმოჩენილი 120 ანაბეჭდი პროკურატურამ ბაზაში უნდა შეამოწმოს და პირების იდენტიფიცირება მოახდინოს.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ საბოლოო დოკუმენტები ლაბორატორიიდან, ყველა საბუთი არის თბილისში. ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩვენ იურისტებთან გავდივართ კონსულტაციას, არის მექანიზმის მოფიქრება, რომ ის დედანი რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ, თავისი 120 ანაბეჭდით, არ გაქრეს. იმიტომ რომ ძალიან საეჭვოდ დაემთხვა გახარიას მიერ ბელარუსული კომპანიის მაისში დაქირავება, რომელსაც ჩვენი ანაბეჭდების ბაზა გადაეცა. მიუხედავად ამისა, იდენტიფიკაცია შესაძლებელია, თუმცა არ მჯერა, რომ ამ პროკურატურის ხელში რამე მოხდება"- ამბობს ხაზარაძე. 

......................

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მან შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძესა და ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

მოგვიანებით, ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა. წერილის ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთერთი მათგანი კი, "რევანშის" ხსენებით საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო. აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ ასეთი განცხადება მეორე ტურის წინ მართლაც გამოაქვეყნა. 

5 მარტს ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში დაიკითხა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ სასამართლოში გახარიას მუქარის ამსახველი წერილის ასლი მიიტანა და რომ წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

ხაზარაძის მიერ მუქარის წერილზე საუბარს წინ უძღოდა პროკურატურის მიერ TBC ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება, რის შედეგადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადადგომა მოითხოვა. გამოძიების შედეგად TBC ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 

12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ლონდონში ექსპერტიზის პირველი ნაწილი დასრულდა და მისი ორიგინალი ვერსია ახლა საქართველოშია. ხაზარაძის თქმით, წერილზე ექსპერტიზამ 120-ზე მეტი ანაბეჭდი აღმოაჩინა. ახლა სწორედ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, წერილზე არსებული 120-ზე მეტი თითის ანაბეჭდიდან, რომელიმე ეკუთვნოდა თუ არა გიორგი გახარიას. 

კომპანია TODES-ი 1992 წელს მინსკში დაფუძნდა. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მათი სერვისის დამკვეთების სიაა მოცემული, სადაც უზბეკეთისა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროებიცაა მითითებული. 

კერძოდ, როგორც კომპანიის ვებსაიტზეა მითითებული, მათი დამკვეთები არიან: 

უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი;
ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი;
ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო; 
ბელარუსის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო;
ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტი. 

ოპოზიციური ლიდერები ტელეკომპანია პირველთან ამბობენ, რომ ეს ხელშეკრულება ორი კუთხითაა საგულისხმო - ერთი ხაზარაძის მიმართ მიწერილ წერილს და მასზე გახარიას შესაძლო თითის ანაბეჭდს უკავშირდება, ხოლო მეორე კი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები