სექსუალური ძალადობა

"3-4 წლის ვიყავი, მაწვენდა, მაშიშვლებდა, მეხებოდა" - სექსუალური ძალადობა და სახიფათო ნიშნები

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

სექსუალური ძალადობა, მათ შორის ბავშვებზე, ოჯახის წევრების, პარტნიორების ან არაპარტნიორების მხრიდან ის საკითხია, რაზეც ქალებს ხმამაღლა საუბარი უჭირთ. თუმცა, საქართველოში მცხოვრები 4 ქალიდან ერთზე მეტს (27%) სიცოცხლის მანძილზე განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა პარტნიორის ან არაპარტნიორის მხრი­­დან, მათ შორის ბავშვობაში. ეს ოფიციალური მონაცემებია. ბევრად მეტია ისეთი შემთხვევები, რომლებსაც ვერ ითვლიან.

გაფრთხილება: სტატია შეიცავს ნატურალისტურ დეტალებს

ანა, 25 წლის

ჩემზე ოჯახური ძალადობის ისტორია როდის იწყება არ ვიცი. ბუნდოვნად მახსოვს როგორ სვამდა მამა, ალბათ 7-8 წლის ვიქნებოდი. დიდი, კერძო სახლი გვქონდა. მახსოვს ხრეშზე მანქანის საბურავების ხმა და ფარების შუქით განათებული ჭიშკარი... მერე მამას მძიმე, არეული ნაბიჯები და აგრესიული სახე, როგორ ათვალიერებდა სახლს, საჩხუბრად საბაბი რომ ეპოვა. მახსოვს დედას რამდენიმე საათიანი ნერვიული მოლოდინი და მისი გათეთრებული თითები ჩემი და ჩემი ძმის კანზე - წინა ხაზზე ჩვენ უნდა წავსულიყავით, თქვენ ისე არ გეჩხუბებათ, როგორც მეო.

დედას არასდროს უთამაშია ჩემთან. ასეთი ქმარი რომ შეხვდა "ეგეც ჰყოფნიდა და ჩვენი ნერვები აღარ ჰქონდა". 

მამას "ისე არ ჩხუბი" ჩემთვის სალესი ქვით თავის გატეხვით, ჩემი ძმისთვის კი თავდაყირა ფეხებით დაკიდებით ან ეზოში მთელი ღამე ჯაჭვით დაბმით მთავრდებოდა. თუმცა მე გოგო ვიყავი და ცემის გარდა სხვა "სარგებელიც" მქონდა...

არ მახსოვს პაპამ როდის დაიწყო ჩემზე სექსუალურად ძალადობა, შეიძლება 7 წლის ვიყავი, შეიძლება 10-ის. უშუალოდ პენეტრაცია არ ყოფილა, პატარა ვიყავი ალბათ. მხდიდა, თამაშობდა ჩემით და ბოლოს მეუბნებოდა, პირდაპირ ჩემი ხელიდან ჩაბარდები ქმარს ქალიშვილიო. ამაზრზენად იცინოდა მერე. ვერც ვხვდებოდი რას აკეთებდა, უბრალოდ მოფერება მეგონა სანამ არ წამოვიზარდე და არ გავიაზრე, რა ხდებოდა. აუტანელი ზიზღი გამიჩნდა მისი და საკუთარი თავის მიმართ.

დასრულება მახსოვს - ინსულტი დაემართა, ნახევრად პარალიზდა და ფიზიკურად ვეღარ მეხებოდა. მაშინ 12 წლის ვიყავი.

მახსოვს ისიც, როდის მოკვდა. 15 წლის ვიყავი, ტელეფონით შეგვატყობინეს, დედაჩემის სახლში ვიყავით. ბებომ უთხრა, ხედავ, კარმა არსად მიდის, შენ რომ გეფათურებოდა, ისე მოკვდა, შვილიშვილს ერთი ცრემლი არ ჩამოვარდნიაო

ადგილზე გავიყინე. თურმე დედამ იცოდა, რასაც წარმოადგენდა პაპა და ხმას არ იღებდა. არათუ ხმას არ იღებდა, ყოველ შაბათ-კვირას ძალით მაგდებდა მის სანახავად, მამაშენს ესიამოვნება რომ აკითხავო. მაშინ გავიაზრე, რომ ერთადერთი მსხვერპლი არ ვიყავი. მანამდე არ მიფიქრია, კიდევ რამდენ ქალს, გოგოს, ბავშვს ექცეოდა ასე ან ცდილობდა მაინც.

რამდენიმე ფსიქოთერაპევტთანაც ვიყავი. ერთმა მითხრა, იქნებ უბრალოდ გეხუტებოდა და შენ მოიგონეო, მეორემ - ყურადღებას ხომ არ იქცევ ასეო. სურვილიც აღარ გამჩენია სხვასთან მისვლის. ყველაზე რთული ნაწილი ესაა ძალადობის ისტორიებში

...მე ვერ ვუხსნი ჩემს კაცს, რომ ხანდახან მკერდზე შეხებისას ფლეშბექები მაქვს და ამიტომ აღარ მსიამოვნებს შეხება. ვერ ვუხსნი, რატომ მირჩევნია მარტო ძილი და რატომ მეშინია მასთან ერთად ცხოვრების.

----
მარიამ ვაშაკიძე, 28 წლის

16 წლის ვიყავი, ის იქნებოდა 20-ის ან 22-ის. ჩემი უბნელი იყო. დაახლოებით 4-5 თვე ვხვდებოდით ერთმანეთს და ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა დაშორება გადავწყვიტე.

მირეკავდა, მუქარის შეტყობინებებს მიგზავნიდა, მეუბნებოდა, რომ მე არაფერს წარმოვადგენ, ფიზიკურადაც მჯობია, ფინანსური მდგომარეობითაც, პერსპექტივითაც და მე, ასეთ უბრალო, უარაფრო გოგოს არ შემიძლია დავშორდე.

ზარზე ვპასუხობდი, რადგან მეშინოდა, რომ რამე საშინელებას ჩაიდენდა და არ მინდოდა გამეღიზიანებინა.

18 ივლისი იყო, გაკვეთილების შემდეგ მეგობარს შევხვდი და ვსაუბრობდით. დამირეკა, საეჭვოდ მშვიდი იყო და მთხოვა, რომ აუცილებლად შევხვედროდი. უარის შემდეგ დამემუქრა, რომ სადარბაზოსთან დამელოდებოდა.

დავთანხმდი. 16 წლის ვიყავი, მეგონა შეყვარებულის ყოლა, კოცნა დანაშაული იყო და ძალიან მეშინოდა, ეს ვინმეს არ გაეგო. 

საღამო იყო როცა შევხვდი. მახსოვს, რომ ხელი გადამხვია და მოვიშორე, გაღიზიანებულმა უფრო მაგრად მომიჭირა. სკოლის ეზოს ჩავუარეთ და ღობის იქით ერთ-ერთ შენობასთან მივედით, გაშლილი სივრცე იყო, ბევრი ხე და არც ერთი ადამიანი. ჯერ დამიწყო ლაპარაკი, რომ პირველი გოგო ვარ, ვინც მას შორდება. შემდეგ კოცნა დამიპირა და მე გავიწიე, ამაზე გაღიზიანდა, მიწაზე დამაგდო, მეჯაჯგურებოდა. თავიდან ვერ მივხვდი რას აკეთებდა, მეგონა, კოცნაზე კოცნით თუ ვუპასუხებდი, გაჩერდებოდა, მაგრამ არ გაჩერდა. 

...მიჭირს სუნთქვა, მთელი სიმძიმით მაწევს ზემოდან და ხელები ქვემოთ ჩააქვს, შარვლის ღილებს მიხსნის. რატომღაც ძალა მომეცა, ვუძალიანდები, ვკივი, ხელებს სახეში ვურტყამ, ფეხებს ვუქნევ… ჯიბეში მობილურის ვიბრაციას ვგრძნობ და ვცდილობ ბოლო მესიჯის ავტორთან დარეკვას, ველური ღრიალით მგლეჯს ხელიდან ტელეფონს და შორს აგდებს. მაინც არ ვჩერდები და ამ დროს ვხედავ, რომ ჯიბიდან იღებს დანას, მოაქვს ჩემს სახესთან და მეუბნება, რომ გავჩერდე, მოვდუნდე

… წლების მერეც ამ კადრებს ვხედავ, როგორ ვაგდივარ მიწაზე, წელს ქვემოთ შიშველი, არც ვიხედები ქვემოთ, რას შვება, რას მიშვება, ცაში ვიხედები და დაბალ ხმაზე ღმერთს ველაპარაკები. მაგრამ როგორც არ უნდა დავძაბო გონება, ვერაფრით ვიხსენებ რას ვთხოვდი, რომ მოვეკალი თუ რომ გადავერჩინე.

როცა ჩემი სხეულიდან ჩამობობღდა, მაგ დროს მივხვდი, რომ ყველაფერი მორჩა. ტანსაცმელი შევაგროვე და ჩქარი ნაბიჯით წამოვედი, გაქცევის შემეშინდა… მახსოვს კადრი, როცა უკან გავიხედე - ნელი ნაბიჯებით მომყვებოდა, უდარდელი სტვენა-სტვენით

… 12 წელი გავიდა და ახლა გავბედე ამაზე ღიად საუბარი. იმ დროს არც მშობლებისთვის მითქვამს, არც პოლიციაში განმიცხადებია. დარჩა დაუსჯელი ადამიანი, რომელმაც გამაუპატიურა.

----

ლიკა, 37 წლის

11 წლის ვიყავი, როცა ჩემივე სკოლელმა, რამდენიმე წლით უფროსმა ბიჭმა მაკოცა. ის მეც მომწონდა, მაგრამ ისეთ დროში ვიზრდებოდით, მეგონა, რომ კოცნა, ბიჭთან ერთად გასეირნება არ შეიძლებოდა, სანამ დიდი გოგო არ გავიზრდებოდი. ამიტომ, ჩავთვალე, რომ რაღაც დავაშავე და ძალიან ვნერვიულობდი, არ მინდოდა ვინმეს გაეგო. ის ამას მიხვდა და ძალადობა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა კოცნაზე უარი ვთქვი - მემუქრებოდა, რომ ყველას ეტყვის რაც გავაკეთე.

ყოველ ჯერზე კოცნას ემატებოდა სხვადასხვა რამ და საბოლოდ ძალადობის ისეთი ფორმა მიიღო, რომ შოკი მქონდა. იყო შემთხვევები, როცა უარის გამო ყელზე დანა მომადო. როდის გამოჩნდებოდა, როდის დამხვდებოდა სადარბაზოსთან, არ ვიცოდი. ნებისმიერ დროს, როცა გამომიძახებდა, უნდა მივსულიყავი.

ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, იყო ის, რომ ამის შესახებ არავის გაეგო. მეშინოდა, რომ შინაგანად ასეთი ბინძური ვიყავი, დედას აღარ ვეყვარებოდი, პატივს არ მცემდა, კარგი გოგო ვეღარ ვიქნებოდი. 

ერთხელ მისი ორი მეგობარი მოვიდა, მითხრეს, რომ მათ ყველაფერი იციან იგივე უნდათ, მემუქრებოდნენ...

უბრალოდ ველოდებოდი, როდის მობეზრდებოდა ჩემთან ურთიერთობა...

ასე გრძელდებოდა 4 წლის განმავლობაში. მთელ ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ გავბედე და უფროს ნათესავ ბიჭს ვუთხარი, თუმცა მისმა რეაქციამ მე მაგრძნობინა თავი დამნაშავედ. 

ერთი მეგობარი მიხვდა, რომ პრობლემა მქონდა, მაგრამ შემეშინდა მისთვის არაფერი დაეშავებინა და ვუთხარი, რომ ყველაფერი ჩემი სურვილით ხდებოდა. შეცდომა დავუშვი, შეიძლება ის დამხმარებოდა.

საბოლოოდ, დამეხმარა ბიჭი, რომელიც შემიყვარდა და რომელსაც ყველაფერი მოვუყევი. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, იყო კონფლიქტიც, მაგრამ ამის შემდეგ თავი დამანება.

იმან, რაც 4 წლის მანძილზე ხდებოდა, საშინელი შედეგები დამიტოვა - მეშინოდა, როცა კარზე აკაკუნებდნენ, ტელეფონზე რეკავდნენ… ბევრი წლის განმავლობაში გამყვა ეს შფოთვა. პრობლემები მქონდა სქესობრივ ურთიერთობაშიც. და როცა მეგონა, რომ დავიწყე ახალი ცხოვრება და ყველაფერი წესრიგშია - მეგობრები, სწავლა, პირადი ცხოვრება, წარსული ისევ გამახსენდა, რადგან დედა გავხდი და დამეწყო შიშები, რომ იგივე შეიძლება დაემართოს ჩემს შვილს. ვფიქრობდი, შეიძლება რამე გამომრჩეს, დედაჩემიც ძალიან კარგი დედა იყო და ვერ ვუთხარი, არ მინდოდა ენახა, როგორი შტერი შვილი ჰყავს. შედეგად, ბავშვს ფაქტობრივად ვერავის ვანდობდი, მით უმეტეს, მამაკაცს. დამეწყო უძილობაც - ვფიქრობდი, თუ ჩამეძინებოდა, ჩემს შვილს ვერავინ მიხედავდა.

მივხვდი, რომ ფსიქოლოგის დახმარება მჭირდებოდა და მივმართე. იმის შემდეგ უკეთ ვარ. ერთხელაც, გავბედე და ჩემს საუკეთესო მეგობრებს ყველაფერი მოვუყევი. მათგან მივიღე თანადგომა და დავრწმუნდი, რომ შეიძლება ადამიანებს ისეთი ვუყვარდე, როგორიც ვარ. 

----

ანი, 23 წლის

პატარა ვიყავი, ბაღში დავდიოდი, შუადღეს რომ მაძინებდნენ, ის დროა. სოფელში წამიყვანა ბებიაჩემმა. მისი ძმის შვილი, ანუ დედაჩემის ბიძაშვილი, რომელიც ალბათ 18 წლამდე იქნებოდა, ამბობდა, მე დავაძინებ ანისო.​ მაწვენდა, მაშიშვლებდა, მეხებოდა.​ პენეტრიაციის სურვილი ალბათ არ ჰქონია. ხელს მაკიდებინებდა თავის ბანჯგვლიან *ლეზე​. მეუბნებოდა, თუ ვინმეს ეტყვი, დაგსჯიან, აღარავის ეყვარებიო. რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა. ბოლოს წამომიყვანეს სახლში, რადგან გაუჩერებლად ვტიროდი და იფიქრეს დედა ენატრებაო.

ყოველ ღამე მესიზმრებოდა მგონი, სულ მაგაზე ვფიქრობდი. წლების განმავლობაში ამხელა საიდუმლოს ტარების სიმძიმე ვერ აღვწერ, რა იყო. თვითმკვლელობაზეც მიფიქრია ხშირად, რადგან თავი ყველაზე ბინძური და ცუდი ადამიანი მეგონა. მერე, რაც უფრო გავიზარდე, ცოტა ჩავმარხე გონებაში და იშვიათად მახსენდებოდა.

ამხელა გოგო ვარ და რეალურად, 2-3 წლის წინ გავიაზრე, რამხელა ტრავმა მომაყენა და რომ ჩემი ბრალი არაფერი იყო ამ ამბავში. ვფიქრობ, სახლში ხომ არ მოვყვე, მაგრამ დედაჩემს გული გაუსკდება. არ მიღირს დედას და ბებიას ნერვიულობა მაგის შერცხვენად. შვილები ჰყავს ახლა, გოგოები, იმედია ჩაფსმული დადის იმის შიშით, ვინმემ მათაც იგივე არ გაუკეთოს.

----

ინგა [სახელი შეცვლილია], 20 წლის

იმდენად პატარა ვიყავი, ვერ ვიხსენებ პირველი ძალადობა როდის მოხდა. ალბათ 4 ან 5 წლის ვიქნებოდი. მახსოვს მხოლოდ ტკივილის შეგრძნება, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს და რატომ.

ჩემი ბაბუა იყო. თბილისში ვცხოვრობდით, ერთ სახლში. მშობლები ხშირად არ მიდიოდნენ სახლიდან, მაგრამ ახერხებდა და პოულობდა დროს, როცა არავინ გვაქცევდა ყურადღებას.

პატარა ვიყავი, ვთამაშობდი ჩემთვის და მოდიოდა, მიყოფდა ხელს საშოში და მასტურბირებდა. მაშინ ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა. ეს დაახლოებით 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლო შემთხვევა იყო, როცა საწოლზე დამაგდო და გაუპატიურებას ცდილობდა. გადავრჩი, რადგან ოთახში ნათესავი შემოვიდა. ამან თავი იმართლა, იმას დაჯერება არ უნდოდა და ასე… მაგრამ გაუპატიურებას გადავრჩი.​

მეგონა, რომ მოვახერხე და ეს ყველაფერი გონებაში დავმარხე. უკვე 18 თუ 19 წლის ვიყავი, როცა რაღაც ვიდეოს ვუყურებდი ძალადობაზე და კონკრეტულმა მაგალითებმა დეტალები გამახსენა. მერე დავფიქრდი, რომ ის, რაც ბავშვობაში ხდებოდა, ნორმალური არ იყო. მეგობარს მოვუყევი და ლაპარაკი რომ დავიწყე, ყველაფერი გამახსენდა.

მხოლოდ შემდეგ გავაცნობიერე, რომ ამას ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც ჰქონდა გავლენა. მაგალითად, რადგან მაშინ ვიყავი პასიური და თავის დაცვა არ შემეძლო, ასეთი გავხდი რეალურ ცხოვრებაშიც. მერე გაუცნობიერებლად დამეწყო აგრესია, ყველას ვეჩხუბებოდი, ბიჭების შიში მქონდა...

თერაპევტთანაც მივედი და პირველი ვიზიტების შემდეგ ყველა შეგრძნება გამიმძაფრდა, ყველაფერი დეტალურად გამახსენდა, მისი სუნიც კი… რამდენჯერმე შევწყვიტე, თუმცა საბოლოოდ, ვისწავლე მეთოდი, ტექნიკა, როგორ უნდა ამომეშალა ეს და ახლა უკეთ ვარ.

ძალადობა სტუდენტობისას და სამსახურში

სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ხდებიან ზრდასრულებიც, მიუხედავად მათი ასაკისა, განათლებისა თუ სოციალური სტატუსისა.

საუბარი კი არამხოლოდ არასრულწლოვნებს, უფროსებსაც უჭირთ და ხშირად, ამის მიზეზი საზოგადოებაში არსებული ტაბუ ან მსხვერპლის შერცხვენაა.

მაია [სახელი შეცვლილია]

სანამ პატარა ვიყავი, ძალიან მკაცრად მზრდიდნენ, არასდროს დავრჩენილვარ ნათესავის ან მეგობრის სახლში. ექსკურსიაზეც კი მთელი ოჯახით მიშვებდნენ, ისიც მხოლოდ ერთ დღიანზე. სკოლაშიც მძღოლს დავყავდი. ამის მიუხედავად, გავხდი ძალადობის მსხვერპლი.

სტუდენტი ვიყავი, უნივერსიტეტიდან მოვდიოდი, როცა რუსთაველზე ერთმა კაცმა გამაჩერა. 50 წლის იქნებოდა დაახლოებით, თმა და წარბი შეღებილი ჰქონდა, ჩემი დაკვირვებით. კარგად ეცვა და სერიოზულად გამოიყურებოდა. მითხრა, რომ ძალიან ლამაზი ვარ და ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა. "სცენარიც" ამობეჭდილი ჰქონდა, გოგოს და ბიჭის ამბავია, შენ გოგოს, ნინიკოს როლი უნდა ითამაშოო. მთავარი როლია და 10 000 დოლარია ჰონორარიო. პარალელურად, ვიღაცებს ურეკავდა, თან ხმამაღლა ამბობდა, აი, ვიშოვე ნინიკოს როლის შემსრულებელიო.

დავუჯერე, ნომერი მივეცი და შევუთანხმდი შეხვედრაზე. სრულწლოვანი ვიყავი, არ ვიცი, რატომ ვერ მივხვდი ვერაფერს.

აბაშიძეზე, პიცერიაში შევხვდით. მერე წავედით ბინაში, სადაც, მისი თქმით, უნდა მოსულიყვნენ სხვა მსახიობებიც და გაგვევლო რეპეტიცია. ტექსტი ნასწავლი მქონდა. 

… ძალა იხმარა, მცემა, მემუქრებოდა, ხმა არ ამოიღოო. მითხრა, 14 წლის გოგოები მეხვეწებიან მოგვტ*ანი და შენ რას წივიხარო.

ერთ თვეში გავიგე, რომ ორსულად ვარ. მუცელი მომეშალა, ლამის მოვკვდი. 

გადავწყვიტე მიმემართა სამართალდამცავებისთვის და ლექტორს ვუთხარი, ვინც მაგ დროს ორგანოში იყო და დამარწმუნა, არ გინდა, მე მივხედავო... მაგრამ აშკარად არავის მიუხედავს, რადგან რამდენიმე ხნის წინ კაფეში დავინახე ძალიან პატარა გოგოსთან, ალბათ მომავალ მსხვერპლთან ერთად. ეს კაცი იყო თამაზ ა.

----

ირმა [სახელი შეცვლილია], 33 წლის

"ჩემს წინა სამსახურში ძალიან მასკულინური გარემო იყო, თან ძირითადად ნათესავები და ნათესავების ნათესავები მუშაობდნენ. ჩემი ჩაცმულობა, ხასიათი, თავისუფალი აზრი ნებისმიერ საკითხზე, ძალიან ამოვარდნილი იყო ზოგადი ფონიდან. სულ ვიღაც მწერდა, სულ ვიღაც მეჩალიჩებოდა, მუდმივად იმის შეგრძნებაში ვიყავი, რომ ლუპით მიყურებდნენ და ყველაზე საქმიანი შეხვედრის დროსაც საშინელი სექსუალური ფანტაზიები ჰქონდათ.

რეალურად, არავინ მომიშვია ახლოს. ჩემი სივრცე, დეპარტამენტი მქონდა კარგი ადამიანებით და იქედან ძალიან იშვიათად გამოვდიოდი.

ერთ დღესაც, ვიღაც უცხომ დამიმატა ფეისბუქზე და უამრავი საერთო მეგობრის გამო, დავიმატე. თავიდან კომენტარებში აქტიურობდა და ასე თუ ისე "გავიცანი". მერე მოწერა დაიწყო და ჩემი სამსახურის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი აღმოჩნდა.

რამდენიმე თვის განმავლობაში მწერდა, მერე რაღაც გამოკითხვებზე მიბარებდა კაბინეტში, ვითომ ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე. ერთ დღესაც, ჩემი შიშველი ფოტო გადმომიგზავნა. მივხვდი, რომ სამსახურის ლეპტოპში შეძვრა იმ დროს, როცა გასული ვიყავი და კონკრეტული ჩატიდან ამოიღო. მეუბნებოდა, სხვას თუ უგზავნი, მე რატომ არაო. ხან აგრესიულად ითხოვდა, ხან საქმიან გამოკითხვებს ატარებდა. 

ერთ დღესაც, მორიგ გამოკითხვაზე დამიბარა, რაღაც ხდებოდა და ოფისში ძალიან ცოტა ხალხი იყო. ოთახში რომ შევედი, კარი ჩაკეტა და ან ახლა ან არასდროსო. ვერ ვიყვირე, შემრცხვა გვერდით ოთახში მყოფი კაცების, მე გამამტყუნებდნენ ისევ, ბევრი ვიტირე, ბევრი ვეხვეწე, ფრჩხილები ბოლომდე ჩამატყდა, ისე ვკაწრავდი იატაკს...

სახლში რომ მოვედი, შხაპში დავეგდე და ვტიროდი ხმამაღლა, მინდოდა შიგნიდან ყველაფერი გამომეგლიჯა და გადამეგდო. საკუთარი თავი და სხეული მძულდა.​ არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი იქ, მგონი გავითიშე კიდეც, რაღაც პერიოდის შემდეგ თავს შემოვუძახე, აბაზანიდან გამოვედი და მივწერე, აღარსად აღარ მახსენო, სამსახურში არ გადამეყარო, თუ არ გინდა, მენეჯმენტთან პრობლემები შეგიქმნა-მეთქი.

პირველივე წინადადებას დავთანხმდი სამსახურის შეთავაზებაზე და ერთ თვეში სხვაგან გადავედი. იმ ოფისთან ახლაც რომ გავივლი, ტვინიდან მეწყება სისხლის გაციება, თავიდან გავდივარ გოლგოთას, სულში ჩაფურთხებას, განადგურებას, დამცირებას.

ეს ამბავი მოვკალი ჩემში, მხოლოდ ჩემმა შეყვარებულმა იცის და ახლო მეგობარმა. ვერ ვყვები, ისევ მე მრცხვენია, ისევ მე მგონია თავი დამნაშავე, თავი რომ ვერ დავიცავი, ამდენი გავაბედინე​ და ყველაზე უარესი - შევარჩინე და ხმა არ ამოვიღე.

ახლა ის კაცი ერთ-ერთ ძალოვან უწყებში მუშაობს. მე კიდევ ამას იმიტომ გიყვებით, რომ წარმატებულ, რეალიზებულ და ვითომ ძლიერ ქალებსაც გვაქვს ასეთი გამოცდილება, არავისგან გამოვირჩევით.

----------

ეს ისტორიები ტაბულას იმ ქალებმა უამბეს, რომლებმაც ძალადობა სხვადასხვა ასაკში მათი ოჯახის წევრების ან უცხო ადამიანების მხრიდან განიცადეს. ნაწილმა დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართა, ნაწილმა ვერ. 

სექსუალური ძალადობის შესახებ ქალების დახურულ Facebook ჯგუფებში არაერთი ისტორია იწერება, რომლებიც საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია. მსხვერპლები ამაზე საუბარს ღიად ბევრი მიზეზის გამო ვერ ბედავენ. 

სექსუალურ ძალადობა არის ნებისმიერი არასასურველი სექსუალური აქტი, რომელიც გულისხმობს მსხვერპლის იძულებას ფიზიკური ძალის ან მუქარის გამოყენებით. გარდა ამისა, სექსუალური ძალადობაა ქმედება, თუ ადამიანს არ შეუძლია მისცეს თანხმობა - არ არის ფხიზელი, სძინავს და ა.შ.

სექსუალური ძალადობა შეიძლება მოხდეს ერთხელ ან მრავალჯერ, როგორც ცოლ-ქმარს ან პარტნიორებს შორის, ასევე, მოძალადე შეიძლება იყოს უცხო ადამიანი. ძალადობაა სექსუალური აქტის გაგრძელება მას შემდეგ, როცა ადამიანი იტყვის, რომ მას ა(ღა)რ სურს.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლები, ხშირად, ბავშვებიც არიან.

გაუპატიურება სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი სახეა და არა ერთადერთი.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს აქვთ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ტრავმები. მათი სიმძიმე დამოკიდებულია ძალადობის სიხშირესა და ფორმაზეც, თუმცა ეს არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ამასთან, შესაძლოა პერიოდულად ახსენდებოდეთ ძალადობის სცენები დეტალურად, ჰქონდეთ ე.წ. "ფლეშბექები".

ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე, ეკა ჭყონია ამბობს, რომ ამ ტიპის გამოცდილება ერთ-ერთ მძიმე ტრავმად ითვლება, რომელმაც შესაძლოა, მთლიანად შეარყიოს ადამიანის შემდგომი განვითარება და დამოკიდებულებები.

ჭყონიას განმარტებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებში ყველაზე ხშირია საკუთარი თავის დადანაშაულება და მდგომარეობას ამძაფრებს გარშემომყოფების დამოკიდებულებაც, როცა დამნაშავედ სწორედ მსხვერპლი გამოჰყავთ.

"ყველა ადამიანის ფსიქიკა ამას სხვადასხვაგვარად ებრძვის. ზოგი შეიძლება ძალადობამ მუდმივად მსხვერპლის და დაჩაგრულის როლში ამყოფოს, ზოგი კი პირიქით - აგრესიული გახადოს. მიმართავენ ტკივილის "გაყუჩების", დავიწყების მეთოდებსაც - ალკოჰოლი, ნარკოტიკი, სხვადასხვა მედიკამენტი. შესაძლოა, ჰქონდეთ სარისკო ქცევებიც - თვითნაზიანება, სუიციდისკენ მიდრეკილება", - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ეკა ჭყონია აღნიშნავს, რომ მთავარია მსხვერპლმა თავისი გამოცდილება ვინმეს, თუნდაც ერთ ადამიანს გაუზიაროს, ვისაც ენდობა.

ფსიქიატრის თქმით, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში სპეციალისტის დახმარება აუცილებელია და თავდაპირველად, შესაძლოა ამ მომსახურებით უბნის პოლიკლინიკებში, სრულიად უფასოდ ისარგებლონ. პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ექიმი ვალდებულია კანონი დაიცვას.

"გამორიცხულია, რომ ადამიანზე სექსუალურად იძალადონ და ამან უკვალოდ ჩაიაროს. ეს რამე ფორმით მაინც იჩენს თავს. ამიტომ, პირველ რიგში ამ ადამიანს სჭირდება გვერდში დგომა, სიტუაციის სწორად შეფასება, რათა საკუთარი თავი არ დაადანაშაულოს. იმის გაცნობიერება, რომ მისი ბრალი არაფერია, არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მდგომარეობიდან გამოსვლისთვის", - ამბობს ეკა ჭყონია.

სახიფათო ნიშნები

გამომდინარე იქედან, რომ ბავშვის დაშინება უფრო მარტივია და მან არ იცის რა არის სექსუალური ძალადობა, შესაძლოა, ამის შესახებ ვერავის გაუმხილოს.

ფსიქიატრი ეკა ჭყონია საუბრობს იმ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ნიშნებზე, რომლებიც შეიძლება იყოს მინიმუმ, ეჭვის საფუძველი.

ფიზიკური ნიშნები შეიძლება იყოს სისხლჩაქცევები, შარდვის პრობლემები და უცნაური დაზიანებები ბავშვის სხეულზე, რომელთა წარმომავლობის გარკვევა რთულია. ამასთან, მას შეიძლება ჰქონდეს არაჯანსაღი ინტერესი სექსუალური თამაშების მიმართ ან იცოდეს ისეთი სიტყვები, ქცევები, რაც ბავშვისთვის დამახასიათებელი არ არის.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ნიშნებს, ეს არის ბავშვის ემოციური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილება - ის ხდება ზედმეტად ჭირვეული, აქვს ძილის პრობლემები ან პირიქით, სულ ჩუმადაა, შეშინებულია და უსაფრთხო სიტუაციაშიც კი, განსაკუთრებულად რეაგირებს.

"შესაძლოა, ბავშვი საერთოდ ვერ იაზრებს, ვერ აცნობიერებს რა ხდება, მაგრამ, ამის მიუხედავად, ეს არის მისთვის ემოციური დატვირთვა და მის მდგომარეობაზე აუცილებლად აისახება", - ამბობს ეკა ჭყონია.

------

სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა უცნობია, ამ თემაზე საუბარი უჭირთ. მაშინაც კი, როცა მსხვერპლი ამას გადაწყვეტს, ხშირად, სამართალდამცავების მხრიდან არაეფექტურ რეაგირებას, ხოლო საზოგადოების მხრიდან გაკიცხვასა და შერცხვენას იღებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები