თორნიკე მერებაშვილის საქმე

R2: ხელთუბანთან დაღუპულმა ბიჭმა სიკვდილამდე 112-ში რამდენჯერმე დარეკა და თქვა, რომ დაჭრილია

2018 წლის 6 ივლისს ხელთუბანთან დაღუპული თორნიკე მერებაშვილის ოჯახმა გარდაცვლილის ექსჰუმაცია მოახდინა და განმეორებითი ექსპერტიზა ჩაატარა. ოჯახის თქმით, ისინი იძულებულები გახდნენ, რადგან გამოძიება სწორი გზით არ მიდიოდა. პროკურატურა წელიწადზე მეტია აცხადებს, რომ 18 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ექსჰუმაციის შედეგად, წინა დასკვნასთან შედარებით "სერიოზული წინააღმდეგობები გამოიკვეთა" და "გარკვეული საკითხები კატეგორიულად დაზუსტდა".

გამოძიების მტკიცებით, საავტომობილო გზაზე მყოფ თორნიკე მერებაშვილს მიკროავტობუსი დაეჯახა და სწორედ ამან გამოიწვია ახალგაზრდის გარდაცვალება. რუსთავი ორმა საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე აუდიოფაილი გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, 112-ის თანამშრომლის და თორნიკე მერებაშვილის, ასევე, 112-ის თანამშრომლის და იმ მძღოლის საუბარს ასახავს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის ბრალდებით დააკავეს.

პირველ აუდიოფაილში, რომელსაც კურიერი ავრცელებს, ბიჭი 112-ის თანამშრომელს ეუბნება, რომ დაჭრილია და ხელთუბნის ტერიტორიაზე სასწრაფოს მისვლას ითხოვს. მეორე აუდიოფაილში, რუსთავი ორის ცნობით, დაჭრილი ამბობს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რამდენიმე წამში სატელეფონო კონტაქტი წყდება. კურიერის გავრცელებულ კიდევ ერთ აუდიოფაილში ისმის, როგორ ატყობინებს მძღოლი, ამჟამად დაკავებული ზვიად კოჩიაშვილი 112-ს, რომ გზაზე დაგდებული კაცი იპოვნა.

"ფაქტია ერთი, თუ ზვიად კოჩუაშვილის დატვირთული მანქანა, რომელიც იყო 5 ტონა, გადაუვლიდა ადამიანს ტანზე, უნდა ყოფილიყო ტანზე ან მაისურზე საბურავის მიკრონაწილაკები" - ამბობს კურიერთან ადვოკატი, სულხან კაპანაძე.

სულხან კოჩუაშვილს, რომელიც 18 წლის ბიჭისთვის მანქანის დაჯახების ბრალდებით 9 თვეა, ციხეშია, საპატიმრო ვადა 10 ნოემბერს ეწურება. 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები წელიწადზე მეტია, საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვენ. მათ რამდენჯერმე ავტობანიც გადაკეტეს. ოჯახის მტკიცებით, თორნიკე მერებაშვილი მოკლეს. ისინი ამბობენ, რომ ბიჭებს შორის კამათი სისხლიან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო ჭრილობები სწორედ ამ დროს მიაყენეს.

გამოძიება კი, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა",- ნათქვამია შსს-ს ერთი წლის წინანდელ განცხადებაში.

ტაბულა შსს-სთან და პროკურატურასთან დაკავშირებას ცდილობს კითხვით - რა ეტაპზეა საქმე და შეიცვლის თუ არა გამოძიება მიმართულებას ხელახალი ექსჰუმაციის შემდეგ. 

კომენტარები