მიანმარი

პრეზიდენტი მიანმარის ლიდერზე: ქალი, რომელმაც პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტოკიოში იმყოფება, მიანმარის ლიდერთან, აუნ სან სუ ჩისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ზურაბიშვილი აუნ სან სუ ჩის უწოდებს ქალს, "რომელმაც პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა". აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებია, მიანმარის სამოქალაქო ლიდერს, ნობელის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დროს არასაკმარის ქმედებაში ადანაშაულებენ.

"ნობელის პრემიის ლაურეატი. თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში გატარებული ცხოვრება. დღევანდელი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გამორჩეული ქალი! ქალი, რომელმაც პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა" - წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე.

მიანმარის სამოქალაქო ლიდერს უკვე ჩამოართვეს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის უმაღლესი ჯილდო. ორგანიზაციამ მიზეზად სუ ჩის მიერ "იმ ღირებულებების, რასაც იცავდა, სამარცხვინო ღალატი" დაასახელა. მას ასევე ჩამოართვეს აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის და ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯილდოები. ამ უკანასკნელმა სუ ჩის პორტრეტიც ჩამოხსნა. მიანმარის სამოქალაქო ლიდერისთვის არ ჩამოურთმევიათ 1991 წელს მშვიდობის დარგში მიღებული ნობელის პრემია.

შეგახსენებთ, რომ მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობის დაწყების შემდეგ, რაც გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, ქვეყანა 700,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა. 

გაეროს გამომძიებლების ანგარიშის მიხედვით, მიანმარის სამხედრო ძალებმა რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯას ეთნიკური უმცირესობის მიმართ დანაშაული "გენოციდის განზრახვით" ჩაიდინეს და მათ მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო იმ საფრთხისა, რაც მთავრობის თქმით, რეგიონში არსებობდა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მიანმარის მთავრობამ, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობს, საშუალება მისცა სიძულვილის ენის გავრცელებას, გაანადგურა დოკუმენტები და ვერ დაიცვა როჰინჯა მუსლიმები არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისაგან და შესაბამისად, მათაც მიუძღვით წვლილი მომხდარში. ჩადენილ დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლების და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.

ანგარიშის მიხედვით, მიანმარში განვითარებული მოვლენების საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ექიმები საზღვრებს გარეშე, ანგარიშის მიხედვით, მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში განვითარებული ძალადობის შედეგად 2017 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა. მათგან 6,700-ის გარდაცვალება ძალადობის შედეგად არის გამოწვეული. მათ შორის არის 730-მდე ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელს არ აღემატებოდა. ანგარიშის მიხედვით, გარდაცვალებათა 69% ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია, 9% საკუთარ სახლში დაწვეს, ხოლო 5% - ცემით მიიყვანეს სიკვდილამდე.

მიანმარის სისხლიანი კონფლიქტის წარმოშობის და აუნ სან სუ ჩის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიებში.

კომენტარები