ახლო აღმოსავლეთი

8 წელი მუამარ კადაფის მკვლელობიდან — "ცოფიანი ძაღლის" ცხოვრება ფოტოებში

2011 წლის 20 ოქტომბერს, ლიბიის სამოქალაქო ომი დასრულდა. 8 წლის წინ, აჯანყებულებმა მშობლიურ ქალაქ სირტში, ერთ-ერთ მშენებლობაზე მილში დამალული ყოფილი დიქტატორი შეიპყრეს. უკონტროლო ბრბოს მიერ მუამარ კადაფის შეპყრობის შოკისმომგვრელმა კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა.

ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დღეგრძელი დიქტატორის მმართველობა ბრბოს სასტიკი შურისძიებით დასრულდა. 42-წლიანი მმართველობის პერიოდში კადაფი ხშირად ექცეოდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ის მსოფლიოს მმართველობის ექსცენტრიული სტილით, უცნაური პოლიტიკური ფილოსოფიით და ეგზოტიკური ჩაცმულობით დაამახსოვრდა.

წერა-კითხვის არ მცოდნე ბედუინის ერთადერთი შვილი, მუამარ კადაფი ხელისუფლებაში უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა. კადაფიმ არმიის რამდენიმე ოფიცერთან ერთად სახელმწიფო გადატრიალება მაშინ მოაწყო, როცა ლიბიის მეფე იდრისი საზღვარგარეთ ვიზიტით იმყოფებოდა. 

27 წლის ასაკში კადაფიმ თავს პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა, რაც ლიბიის არმიაში უმაღლესი წოდებაა. გადატრიალებიდან მალევე კადაფიმ თავი ლიბიის არმიის მთავსარდლად გამოაცხადა, რითიც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა. 


ფოტო: Terence Spencer/Time & Life Pictures/Getty ImagesTerence

სანამ კადაფი ლიბიის ერთპიროვნული მმართველი გახდებოდა, იგი პან-არაბული ალიანსის იდეამ გაიტაცა. კადაფი სპარსეთის ყურიდან ატლანტიკურ ოკეანამდე გადამიჭულ ერთიან არაბულ სახელმწიფოზე ოცნებობდა. არაბთა ერთიან სახელმწიფოზე პირველად 1950-იან წლებში, ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი ალაპარაკდა.

ნასერის იდეები ახლო აღმოსავლეთში ბევრი ახალგაზრდის ინსპირაციად იქცა, მათ შორის ახალგზარდა ლიბიელი ოფიცრებისთვისაც, რომლებიც თავიანთი ლიდერის მსგავსად ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა. 


ფოტო: Geneviève Chauvel/Sygma/Corbis

მმართველობის პირველ ხუთ წელში, კადაფიმ არაბულ სახელმწიფოებს შორის უთანხმოემების დაძლევაზე იმუშავა. როგორც თვითონ ამბობდა, ეს დრო დასავლური კოლონიების მიერ დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული არაბების შესარიგებლად გამოიყენა. არაბული სახელმწიფოების ფედერაციის შექმნაში გადამწყვეტი როლი სწორედ მუამარ კადაფიმ შეასრულა. 

ფოტო ფედერაციის შექმნის ცერემონიაზეა გადაღებული. დიდი იმედების მიუხედავად არაბული ქვეყნების თანამშრომლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. დროთა განმავლობაში გაიყო ლიდერების ხედვებიც და გეოპოლიტიკური არჩევანიც.

ეგვიპტის პრეზიდენტი, ანვარ სადათი, მუამარ კადაფი და სირიის პრეზიდენტი, ჰაფეხ ასადი
ფოტო: BETTMANN / CORBIS

ლიბიას კადაფი ე.წ. რკინის ხელით მართავდა. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კადაფიზე რამდენიმე ათეული თავდასხმა განხორციელდა. ასევე, იყო გადატრიალების მცდელობებიც, თუმცა ეფექტური და სასტიკი რეპრესიული აპარატის მეშვეობით მცდელობები კრახით სრულდებოდა. 

რეპრესიებისა და ოპოზიციის დევნის გარდა, კადაფი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებასაც შეეცადა. პერიოდულად სოციალურ პროგრამებზე, ნავთობის ინდუსტრიიდან შემოსულ თანხები იხარჯებოდა. ამის მიუხედავად ლიბიის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა.


ფოტო: Christine Spengler/Sygma/Corbis

1986 წლის 5 აპრილს დასავლეთ ბერლინის ერთ-ერთ კლუბში ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა. კლუბი ამერიკელ ჯარისკაცებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. აფეთქების შედეგად 2 ჯარისკაცი მოკვდა. აფეთქებიდან მალევე გამოიკვეთა ტერორისტების კავშირი კადაფის რეჟიმთან. 

არსებული ინფორმაციით, ტერორისტული აქტი აშშ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული და ამის მიზეზი წინა წლებში აშშ-ის მიერ ლიბიის წერტილოვანი დაბომბვები იყო. 


ფოტო: WOLFGANG MROTZKOWSKI / AFP / GETTY

კადაფის ბრალეულობაში დარწმუნებულმა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა კადაფის ცოფიანი ძაღლი [Mad dog] უწოდა. ეს მეტსახელი კადაფის სამუდამოდ შერჩება. რეიგანმა მალევე ლიბიაზე ავია იერიშების დაწყება ბრძანა.

ამერიკული ავიაცია ლიბიას რამდენიმე თვის განმავლობაში ბომბავდა. სამიზნეებს შორის იყო კადაფის რეზიდენციებიც. ტრიპოლიში კადაფის ერთ-ერთი რეზიდენციის დაბომბვას არასრულწლოვანი ჰანა კადაფი შეეწირა. კადაფი ამტკიცებდა, რომ გოგონა მას ნაშვილები ყავდა. ავიაიერიშების მიუხედავად კადაფიმ ძალაუფლების შენარჩუნება მაინც მოახერხა. 



ფოტო: Shepard Sherbell/Corbis Saba

აშშ-ის ავია იერიშებიდან ორი წლის შემდეგ, 1988 წლის დეკემბერში, შოტლანდიის ცაზე კომპანია Pan Am-ის კუთვნილი ლაინერი აფეთქდა. თვითმფრინავის ნარჩენები სოფელ ლოკერბიში ჩამოვარდა, შემთხვევა ლოკერბის რეისის სახელით გახდება ცნობილი. 

გამოძიება მალევე ლიბიის სპეცსამსახურების ორი თანამშრომლით დაინტერესდა. ალი ალ-მეგრაჰის ბრალეულობა მალევე დამტკიცდა, წლების განმავლობაში კადაფი ტერაქტთან ყველანაირ კავშირს უარყოფდა და ბრალდებულების გადაცემაზე უარს აცხადებდა. 1999 წელს კადაფიმ ტერორისტების გადაცემას დათანხმდა.

მეორე ბრალდებული გამოძიებამ უდანაშაულოდ ცნო, ხოლო ალ-მეგრაჰის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მეგრაჰი სასჯელს 2009 წლამდე იხდიდა, ამ წელს იგი კიბოს ბოლო სტადიის დიაგნოზის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ავია-კომპანია Pan Am-ის ჩამოგდებული თვითმფრინავი, 1988 წლის დეკემბერი დიდი ბრიტანეთი
ფოტო: Martin Cleaver/AP

42 წლის განმავლობაში კადაფი ნომინალურად სხვადასხვა სახელმწიფო პოსტებს იკავებდა: მათ შორის - სახალხო კონგრესის გენერალური მდივნის, პრემიერ-მინისტრის, რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის. ერთადერთი სტატუსი, რომელიც უცვლელად რჩებოდა მშვიდობიანი სახალხო რევოლუციის ლიდერის ტიტული იყო. სწორედ ასე მოიხსენიებდა თავის თავს კადაფი. 

პოლკოვნიკისთვის გამორჩეული დღეები ხშირად ნაციონალური ზეიმის მიზეზი ხდებოდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით პომპეზური ღონისძიებებით აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მასშტაბის ზეიმები იმართებოდა, კადაფის ხელისუფლებაში მოსვლის იუბილეებზე. 


ფოტო: MAHMUD TURKIA / AFP / GETTY

მიუხედავად იმისა, რომ კადაფი ათეულობით სასახლესა და რეზიდენციას ფლობდა ხშირად ბედუინის, კარავში ამჯობინებდა ცხოვრებას. დროის უმეტეს ნაწილს ტრიპოლისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ესეთ კარავში ატარებდა. 

პოლკოვნიკის ეს ჩვევა მის ვიზიტებზეც ვრცელდებოდა. ბედუინების კარვით კადაფი იმყოფებოდა რომში, პარიზში დოჰაში. ასეთ კარვებში არაერთი უმაღლესი დონის ვიზიტი გამართულა, მათ შორის ერთ-ერთი იყო შეხვედრა ჰუგო ჩავეზთან, რომელიც ყატარის დედაქალაქში შედგა. 

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთ-ერთი ვიზიტისას, კადაფიმ ნიუ-ორკის ცენტრალურ პარკთან თავისი კარვის გაშლის ნებართვა მოითხოვა, თუმცა თხოვნაზე უარი მიიღო. 

მმართველობის ბოლო ათწლეულში კადაფი ცდილობდა საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლას და ლოკერბის რეისის გამო ლიბიაზე დაკისრებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას. ყველაზე დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით კადაფიმ 1999 წელს გადადგა, როდესაც ტერაქტში მონაწილე ორი პირის გადაცემას დათანხმდა. 

2003 წელს კადაფიმ გაეროსადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნაწილობრივ აღიარებდა პასუხისმგებლობას მისი სპეცსამსახურების თანამშრომლების ქმედებებზე. ამის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე კადაფის იმიჯი საგრძნობლად გაუმჯობესდა. 

2004 წელს თავის კარავში კადაფი, დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ტონი ბლერს შეხვდა. 2007 წელს შეხვედრა შედგა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ნიკოლა სარკოზისთან, ხოლო 2008 წელს პოლკოვნიკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა. 2009 წელს კადაფი დიდი შვიდეულის სამიტზე იტალიის ქალაქ ლაკვილაში მიიწვიეს. 

ფოტოზე სწორედ ეს სამიტია აღბეჭდილი.


ფოტო: OLI SCARFF / GETTY

კადაფის მანამდე ასე თუ ისე მტკიცე რეჟიმი არაბული გაზაფხულის დაწყებასთან ერთად შესუსტდა. 2011 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალი აქციები დაიწყო. დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს და დაწვეს კადაფის პორტრეტები, შეიჭრნენ სახელმწიფო შენობებში. 

დემონსტრაციები კადაფის რეჟიმის დემონტაჟის მოთხოვნით იმართებოდა. მისი მმართველობით უკმაყოფილო მოქალაქეებს კადაფიმ არმიის, თვითმფრინავების და სხვა სამხედრო ტექნიკის გამოყვანით უპასუხა. ლიბიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც არასრული ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 


ფოტო: BALKIS PRESS / ABACAUSA.COM

ტუნისში და ეგვიპტეში სამოქალაქო მღელვარების დაწყებიდან მალევე პროტესტის ტალღა ლიბიაზეც გადავიდა. ფართო საზოგადოებრივი მღელვარების გამკლავებისთვის კადაფის რეჟიმი ამ დროისთვის სუსტი იყო. ეს სისუსტე მალევე პროცესზეც აისახა. 

კადაფი საკუთარი მომხრეების მობილიზებას შეეცადა, თუმცა ისინი აშკარად უმცირესობაში იყვნენ. ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო მიმართვაში, კადაფიმ თავის მომხრეებს მოუწოდა დარჩენილიყვნენ ლიბიაში და აჯანყებულებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.

რეჟიმის სტაბილურობის ილუზიის შესანარჩუნებლად, 2011 წლის აპრილში კადაფიმ ხუთ აფრიკელ პრეზიდენტს უმასპინძლა ამ დროისთვის პროტესტი უკვე უმართავი იყო. 

ფოტო: Photograph: Zohra Bensemra/Reuters

დასუსტებულ დიქტატორს მხარი არ დაუჭირა არცერთმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ფორმალურად კადაფის მხარეს იდგა რუსეთი იყო, თუმცა რეალური დახმარება პოლკოვნიკმა ვერც რუსებისგან მიიღო. 

აჯანყებულების აშკარა უპირატესობის მიუხედავად, კადაფიმ უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე და განაცხადა, რომ ლიბიიდან გაქცევას მოწამეობრივად სიკვდილი ერჩივნა. 2011 წლის მარტში, ნატომ ლიბიის დაბომბვა დაიწყო. კადაფის ისედაც დასუსტებულ რეჟიმისთვის, ეს უკვე სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა. 


ფოტო: Fide Press Service/EPA

2011 წლის 20 ოქტომბერს უკონტროლო ბრბომ მუამარ კადაფი, მშობლიურ ქალაქ სირტში შეიპყრო. კადაფის გარდაცვალების ამბავს მთელ ლიბიაში სახალხო ზეიმი მოყვა.

კომენტარები