რუსეთი-სირია

პესკოვი: მხოლოდ რუსული ჯარები არიან სირიაში ლეგიტიმურად

interfax

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ აშშ-ის ძალებმა, რომელთა ქვეყანაში ყოფნა, მისი თქმით, არალეგიტიმურია, სირია უნდა დატოვონ.

"რაც შეეხება სირიაში ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნას, ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი - მხოლოდ რუსული ჯარები არიან სირიაში ლეგიტიმურად და სირიის ლიდერების მიწვევით. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი სირიის ტერიტორიიდან ყველა უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების გასვლაა. ამ პოზიციას იზიარებენ მოსკოვი და დამასკო და ეს არის პრიორიტეტი პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად." თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს სურს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნავთობის საბადოებზე კონტროლი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ასადის რეჟიმმა დაამყაროს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გამოყვანის თაობაზე, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი მაინც დარჩება. მათი ნაწილი მოკავშირეებთან ერთად ნავთობის საბადოებს დაიცავს, ნაწილი კი ისრაელისა და იორდანიის საზღვართან ახლოს განლაგდება.

ერდოღანი და პუტინი 22 ოქტომბერს სოჭში შეხვდნენ და ჩრდილოეთ სირიაში არსებული სიტუაცია განიხილეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრში დაიხევენ და რას ალ-აინის შემდეგ გავლენ ქალაქ მანბიჯიდან და თელ რიფაათიდანაც. მისივე თქმით, 23 ოქტომბერს, თურქეთის სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ, სირიისა და თურქეთის საზღვარზე თურქეთის ძალებთან ერთად რუსეთის ძალები და სირიელი მესაზღვრეები განთავსდებიან.

რუსეთმა უკვე გაგზავნა სირიაში დამატებით 276 სამხედრო და შეიარაღება.

9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

თურქეთი ირწმუნება, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

23 ოქტომბერს ტრამპმა თქვა, რომ თურქეთს ჩრდილო სირიაში ქურთების წინააღმდეგ წამოწყებული ოპერაციის გამო დაწესებული სანქციები ეხსნება.

"დიდი წარმატებაა თურქეთისა და სირიის საზღვარზე. შეიქმნა უსაფთხო ზონა! ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცულია და თავდასხმითი მისიები დასრულებული. ქურთები უსაფრთხოდ არიან და ძალიან კარგად იმუშავეს ჩვენთან ერთად," - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

კომენტარები