სირია

ქურთები თურქეთის მოკავშირე არაბი მებრძოლების შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებას ითხოვენ

AFP

გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულების მიერ ტყვეების წამებას და გვამების დასახიჩრებას ასახავს. ვიდეოები სირიის ქურთებით დასახლებულ რეგიონებში გავრცელდა. ერთ-ერთ მათგანზე ასახულია როგორ ათრევენ ყელზე მობმული თოკით დაკავებულ ქურთ მებრძოლს და თავის მოკვეთით ემუქრებიან, მეორე ვიდეოში კი - როგორ ჭრიან დანით არაბი მებრძოლები დაღუპული ქურთი მებრძოლების გვამებს.

სირიელი ქურთების წარმომადგენლები ვიდეოებს გმობენ და პოტენციური ომის დანაშაულებების გამო სირიელი ამბოხებულების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მათ მოთხოვნას შეუერთდა სირიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი.

სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორია 170,000-მდე ქურთმა უკვე დატოვა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თუ რუსეთი პირობას არ შეასრულებს და ჩრდილოეთ სირიას ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის მებრძოლებისგან არ გაწმენდს, ამას თურქეთი გააკეთებს. ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მუქარა ევროკავშირისადმი, რომ თუ ე.წ. "უსაფრთხო ზონის" შექმნას მხარს არ დაუჭერდნენ, თურქეთში მყოფ სირიელ მიგრანტებს ევროკავშირში გაუშვებდა.

თურქეთის მიერ მხარდაჭრილი სირიელი ამბოხებულების შემადგენლობაში შედიან ის ჯგუფები, რომლებიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ასევე დაქირავებული მებრძოლები და ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც ორი კვირის წინ ქურთი პოლიტიკოსი ქალის, ჰევრინ ხელეფის მკვლელობაში დაადანაშაულეს.

თურქეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მკვლელობების შესახებ ინფორმაციას იძიებენ.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

ერდოღანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცეცხლის დროებით შეწყვეტად სათანხმდა, რითაც ქურთ მებრძოლებს ტერიტორიის დატოვების დრო მისცა.

ამის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ერდოღანსა და პუტინს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრში დაიხევენ და რას ალ-აინის შემდეგ გავლენ ქალაქ მანბიჯიდან და თელ რიფაათიდანაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 23 ოქტომბერს, თურქეთის სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ, სირიისა და თურქეთის საზღვარზე თურქეთის ძალებთან ერთად რუსეთის ძალები და სირიელი მესაზღვრეები განთავსდებიან. რუსეთმა უკვე გაგზავნა სირიაში დამატებით 276 სამხედრო და შეიარაღება.

კომენტარები