ანაკლიის პორტი

Meridian Capital უარს ამბობს ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე

ბია

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებით, ყაზახური საინვესტიციო კომპანია Meridian Capital უარს ამბობს ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე.

"2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ Meridian Capital NL B.V-ს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება," - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

პროექტს უკვე შეუერთდა ნიდერლანდური Van Oord. Meridian-თან დაკავშირებით კი სამინისტროს 28 ოქტომბრამდე უნდა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება.

2019 წლის 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროექტს ტოვებდა ამერიკული "კონტი ჯგუფი". 25 ოქტომბერს კონსორციუმში თქვეს, რომ "კონტი" აღარ გავიდოდა, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავდა იმას, რომ პროექტში ჩართულიყვნენ სხვა ინვესტორებიც, მაგალითად Meridian-ი.

იმავე დღეს, 25 ოქტომბერს, "კონტი"-ში განაცხადეს, რომ პროექტიდან გასვლას მაინც აპირებდნენ. პასუხად კონსორციუმში თქვეს, რომ შესაბამისი ტრანზაქცია განხორციელებული არ ყოფილა და "კონტი" კვლავ რჩებოდა მეწილედ.

 

კომენტარები