ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ გამშვები პუნქტი

ციხელაშვილი ახალგორში გარდაცვლილ ქალზე: ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ახალგორში 70 წლის ქალის გარდაცვალებას გამოეხმაურა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუშვეს და ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

"ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია," - ამბობს ციხელაშვილი. 

მინისტრი ამბობს, რომ ე.წ გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის და იქ მცხოვრებ ადამიანებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. 

"მოსახლეობა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს ტრაგედია, საუბედუროდ, ერთადერთი არ არის. მოსახლეობას საციცოცხლო საჭიროებებისთვის გადაადგილება სჭირდება, ისევე როგორც ამ ქალბატონს და მის ოჯახს," - თქვა ციხელაშვილმა. 

მინისტრი მოუწოდებს "ყველას", რომ ახალგორის ე.წ გადასასვლელი დაუყონებლივ და უპირობოდ გახსნან, რადგან ადამიანებს რეალური საფრთხე ემუქრებათ, მათ შორის სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით. ციხელაშვილის თქმით, იქ ასევე პროდუქტებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის საჭიროებაც დგას. მინისტრი ამბობს, რომ ზოგიერთ მათგანს თუნდაც წითელ ჯვართან დაკავშირებისა ეშინია, რომელიც ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა. 

"პირადად მე ამ შემთხვევის თაობაზე ასევე ინფორმაცია მივაწოდე ჟენევის ყველა თანათავჯდომარეს, ასევე წითელ ჯვარს. უკვე პოსტ ფაქტუმ, რადგან სამწუხაროდ, მანამდე ამ საჭიროების შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა,"- ამბობს ციხელაშვილი. 

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ გამშვები პუნქტის გამო 70 წლის ქალმა სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ვერ შეძლო, ხოლო ცხინვალში მას სათანადო მკურნალობა ვერ ჩაუტარდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. 

თინიკაშვილის თქმით, 70 წლის მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, შეუძლოდ 27 ოქტომბერს, საღამოს გახდა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ გამშვები პუნქტი 2 თვეზე მეტია, რაც ჩაკეტილია. საოკუპაციო რეჟიმმა და დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაბის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჩაკეტა. მისი გახსნა 6 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა ეს პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა. 

კომენტარები