არასრულწლოვანზე ძალადობა

1957 წელს დაბადებული კაცი არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ფიზიკური იძულების ბრალდებით დააკავეს

29 ოქტომბერს, შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში 1957 წელს დაბადებული მამაკაცი არასრულწლოვან (სავარაუდოდ, 11 წლის) გოგოს მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს. ბავშვის დედა ყვება, რომ მამაკაცმა გოგო იძულებით ჩაიხუტა და სახლშიც ფიზიკური იძულებით ცდილობდა წაყვანას. იქვე იყო გოგოს ასევე არასრულწლოვანი ძმა.

“მეზობლის კაცი გზაზე იჯდა. უთქვია, რა კარგი ბავშვები ხართო. მერე ჩემი გოგოსთვის დაუძახია ერთი წუთით მოდიო. ცნობდა ბავშვი და მივიდა. რომ მივიდა, დაუჭერია მკლავებით, მიუხუტებია გულის მხარეს და უთქვია, წამოდი ჩემთან სახლში, მოგესიყვარულოო. ბავშვმა სცადა, უკან რომ გამოიწია, ერთი ხელი რომ გააშვებინა, მეორე ხელით მიათრევდა თავის სახლისკენ. მაჯიდან აუსხლტა ხელი და გამოიქცნენ სახლში ბავშვები, მერე ჩაიკეტნენ, სახლამდე სდია” – ჰყვება არასრულწლოვნის დედა "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

ამის შემდეგ დედამ პოლიცია გამოიძახა.

"დღეს როგორც ირკვევა სოფელში, სხვა ბავშვებისთვისაც უთქვია, ამოდით ჩემთან სახლშიო, შეთავაზება ყოფილა და დღეს ალაპარაკდა ხალხი" - ამბობს ქალი იმავე ინტერვიუში. 

შსს-ში ამბობენ, რომ მამაკაცი მალევე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ იძულებას გულისხმობს. 

კერძოდ, 150-ე მუხლი ამ შინაარსისაა: "ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება."

კომენტარები