ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა [VIDEO]

REUTERS

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა და ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ჰონგ-კონგელები უკვე მე-6 თვეა პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებენ და პროდემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვენ. 

პოლიციისა და მომიტინგეთა შეტაკების შემდეგ ზოგიერთი მომიტინგე ჩინურ სახელმწიფო სიახლეების სააგენტოს Xinhua თავს დაესხა. დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე. არიან დაშავებულებიც.

"ავტონომია არ უდრის დამოუკიდებლობას" - ჰონგ-კონგელები დღევანდელ მსვლელობაზე კუთვნილ ავტონომიას ითხოვდნენ, რაც გარანტირებულია 1997 წლის 'ერთი ქვეყანა, ორი სისტემის' შეთანხმებით და უარყოფდნენ ჩინეთში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ჰონგ-კონგელები ჩინეთისგან დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. მომიტინგეთა მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვიდა დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

"ჩვენი მთავრობა უკვე სრულიად ცენტრალური მთავრობის [პეკინის] მიერ მართული გახდა, უნდა გამოვიდეთ და დავიცვათ ის თავისუფლება, რასაც ვიმსახურებთ," - თქვა ერთერთმა 17 წლის მომიტინგემ.

ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადრობრივად დაშალეს, რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს.

არსებობს ეჭვი, რომ ოფიციალური პეკინი დიდხანს არ აიტანს ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულ აქციებს, რაც საბოლოოდ ერთპარტიულ კომუნისტურ მმართველობას უქმნის საფრთხეს. 

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით, რითაც ჰონგ-კონგს განსაკუთრებული ავტონომია მიენიჭა. ამ პირობებს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები