საგარეო ურთიერთობები

ლიტვის სასამართლომ საქართველოს ყოფილ ელჩს ბინის ქირისა და ჯარიმების გადახდა დააკისრა

mcm.ge

ლიტვაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ხათუნა სალუქვაძეს, ვილნიუსის სასამართლომ ბინის ქირისა და ჯარიმების გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვური მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვილნიუსის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება ივლისის ბოლოს მიიღო. საუბარია დავაზე მანუელ რუის გარსიასა და საქართველოს ყოფილ ელჩს, ხათუნა სალუქვაძეს, შორის. 

როგორც ცნობილია, იმ ბინის მფლობელი, სადაც სალუქვაძე ლიტვაში დიპლომატიური მისიის დროს ცხოვრობდა, სალუქვაძისგან 8 ათასი ევროს ქირის საფასურს, 150 ევროს ჯარიმებსა და 1 500 ევრომდე მოსაკრებლის ანაზღაურებას ითხოვდა. ლიტვური მედიის ინფორმაციით, სასამართლომ გარსიას მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ხათუნა სალუქვაძეს განაჩენის გასაჩივრების უფლება ჯერჯერობით არ გამოუყენებია და დავალიანებასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს. 

გამოცემა Lietuvos Rytas-ისთვის მიცემულ კომენტარში სალუქვაძე ამბობს, რომ არანაირი დავალიანება არ არსებობს და რაც გადასახდელი ჰქონდა, გადახდილი აქვს.

ხათუნა სალუქვაძე ლიტვაში საქართველოს ელჩის პოსტს თითქმის 6 წლის განმავლობაში იკავებდა. მან დიპლომატიური საქმიანობა ლიტვაში მიმდინარე წლის მარტში დაასრულა, ამ პოზიციაზე იგი ლევან ღვაჩლიანმა შეცვალა.

კომენტარები