ეკლესიის ბნელი მხარე

რამდენიმე ფილმი და სერიალი, რომელიც ეკლესიის ბნელ მხარეს გვაცნობს

Variety

რეჟისორები ხშირად არ უშინდებიან ტაბუდადებულ თემებს და საჯაროდ საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომლებზე საუბარიც საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის სრულიად მიუღებელი, შემზარავი და დაუშვებელია. დუმილს კი უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. ამჯერად, ჩვენ გთავაზობთ, რამდენიმე ფილმს, რომელშიც ღვთისმსახურები ხშირად შორდებიან ღმერთს, მის სახელს ამოფარებულები საშინელ საქმეებს ჩადიან და რიგ შემთხვევებში დაუსჯელებიც რჩებიან. 

La mala educación

პედრო ალმოდოვარის ფილმი "La mala educación" კათოლიკურ სკოლა პანსიონში გაზრდილი ორი ბიჭის ცხოვრების ამბავს გვიყვება. მათგან ერთ-ერთზე - იგნასიოზე, სკოლის დირექტორი მამა მანოლო იძალადებს, მის მეგობარს პანსიონიდან გარიცხავს, რის შემდეგაც, ბავშვის ცხოვრება,ტრაგიკულად გაგრძელდება. 

Calvary

ამ შემთხვევაში, ფილმი მაყურებელს ეკლესიის ბინძური სისტემის მიღმა დარჩენილ მამა ჯეიმსის ამბავს სთავაზობს. ყველაფერი იმით იწყება, რომ მასთან აღსარების ჩასაბარებლად მოსული ადამიანი, ჯეიმსს მოკვლით დაემუქრება, რადგან ბავშვობაში, მასზე  მოძღვარმა იძალადა. 

 


ფოტო: IMDB

By The Grace Of God

სურათში რეჟისორმა ფრანსუა ოზონმა მაყურებელს დაანახა, რომ ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის საკუთარი თანამშრომლების ცოდვები, დამნაშავეებს ხელს აფარებს და თავის კედლებში ათას საშინელებას მალავს. ფილმი ერთსა და იმავე მოძალადის რამდენიმე მსხვერპლზე გვიამბობს. ისინი გაიგებენ, რომ მღვდელი, რომელიც ბავშვობაში მათ აუპატიურებდათ, ახლაც აგრძელებს ბავშვებთან ურთიერთობას. "ჩვენ ეკლესიას ომს არ ვუცხადებთ - მხოლოდ დამნაშავეებს" ამბობენ ფილმის გმირები.  მსხვერპლის შვილი კი ფილმის ერთ-ერთ მომენტში მამას საბედისწერო კითხვას უსვამს: "მამა, ღმერთის ისევ გწამს?".


ფოტო: IMDB

Spotlight

ფილმი, მოგვითხრობს გამოცემა "The Boston Globe"-ის ჟურნალისტებზე, რომლებიც  კათოლიკური ეკლესიის მღვდლებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ამხელენ. ამასთანავე, ისინი აღმოაჩენენ, რომ უამრავი იურისტი და კათოლიკური ეკლესიის მსახურები ამ დანაშაულს მალავდნენ. სურათმა 2 ოსკარი (საუკეთესო ფილმი და საუკეთესო სცენარი) მიიღო. 


ფოტო: IMDB

Doubt

ფილმში განუმეორებელი მერილ სტრიპი მკაცრი და უხეში მონაზვნის როლს ასრულებს, ხოლო ფილიპ სეიმურ ჰოფმანი ყველასათვის საყვარელი, მუდამ კეთილგანწყობილი მღვდელია, რომელსაც ბავშვები ყველა საიდუმლოს უმხელენ. თუმცა, როდესაც პატარები, მასთან ურთიერთობის შემდეგ, უცნაურად იქცევიან, მერილ სტრიპის გმირი ეჭვობს, რომ მღვდელი რაღაცას მალავს. როდესაც ეს ეჭვები გამართლდება, ის გადაწყვეტს  ჰოფმანის პერსონაჟი ეკლესიიდან გააგდოს, თუმცა ამაში არამხოლოდ ეკლესია უშლის ხელს, არამედ იმ ბავშვის დედაც, რომლის შვილზეც მღვდელი იძალადებს. 


ფოტო: IMDB

BORGIA / The Borgias

ორივე სერიალი რენესანსის ეპოქაში კათოლიკური ეკლესიის სათავეში მყოფი ბორჯიების ოჯახის ისტორიას გვიყვება. ინცესტი, ჰომოსექსუალიზმი, მკვლელობები, ძალადობა,ღალატი, ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოპოვების წყურვილი - პაპის ოჯახისთვის ყოველივე ზემოთჩამოთვლილი კარგად ნაცნობია.  


ფოტო: IMDB

The Young Pope

სერიალში, რომელშიც მთავარ როლს ჯუდ ლოუ ასრულებს, მაყურებელი ვატიკანის შიდა სამზარეულოს ეცნობა. პაოლო სორენტინოს  შოუში მიმდინარეობს სერიოზული თამაში - ახალგაზრდა პაპი კარდინალების წინააღმდეგ. მაყურებლისთვის რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ უკვე გასაგები ხდება, რომ ყველა მღვდელი, პაპი და ბერებიც კი, ინტრიგებითა და პოლიტიკური მანიპულაციებით საზრდოობენ. 


ფოტო: IMDB

კომენტარები