თავისუფლების ინსტიტუტი

PAUL International თავისუფლების ინსტიტუტს ბოდიშს უხდის 2 ნოემბრის ინციდენტისთვის

2 ნოემბერს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, კაფე PAUL-ში მომხდარი ინციდენტის გამო PAUL International-ის ფრანგმა დირექტორმა, მაქსიმ ჰოლდერმა თავისუფლების ინსტიტუტს ბოდიში მოუხადა.

ჰოლდერი ორგანიზაციის წევრის, კატო კოპალეიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ PAUL-ში დისკრიმინაციის ადგილი არაა.

"გულწრფელად ვწუხვართ, რომ ეს ინციდენტი მოხდა. PAUL არანაირი ფორმით არ ახდენს დისკრიმინაციას და PAUL-ში ქსენოფობიის ადგილი არაა. ეს საკითხი წამოვჭერით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან და ჩვენი საერთაშორისო ფრენჩაიზი, მისი ოპერაციების დირექტორი რუჩდი აბუ ჰაკა გულდასმით სწავლობენ მას," - ნათქვამია წერილში.

2 ნოემბერს აბაშიძის ქუჩაზე, PAUL-ში თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელ ლევან რამიშვილს, ორგანიზაციის დირექტორსა და წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც თავისუფლების ინსტიტუტის წევრი კატო კოპალეიშვილი წერდა, ნაცვლად იმისა, რომ მომსახურე პერსონალს აგრესიული პირები კაფიდან გაეყვანა, მათ თავისუფლების ინსტიტუტის წევრებს სთხოვეს მეორე სართულზე ასვლა.

კოპალეიშვილი ყვება, რომ მოგვიანებით მასთან კაფის მენეჯერი მივიდა და სთხოვა, ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში არ განეთავსებინა, რაზეც კოპალეიშვილისგან უარი მიიღო.

კომენტარები