გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

მოსამართლეობის კანდიდატი: მიხეილ ჩინჩალაძის უარყოფითი თვისება არ მახსენდება 

ქეთევან ცინცაძე
პირველი არხი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ციცაძეს მიხეილ ჩინჩალაძის უარყოფითი თვისება არ ახსოვს. 

ჩინჩალაძის დადებითი და უარყოფითი თვისების დასახელება მის ყოფილ თანაშემწეს გიორგი მშვენიერაძემ სთხოვა. 

"დადებითი თვისებები - დღეს, ვინაიდან მე ვარ გამომსვლელი, ცოტა ისე მიმაჩნია სხვა ადამიანის შეფასება, თუმცა, მე საბჭოს გასაუბრებაზეც ვთქვი და დღესაც აღვნიშნავ: მოსმენის უნარი, პოზიციის გაზიარების უნარი", - თქვა ცინცაძემ. 

გიორგი მშვენიერაძე: და უარყოფითი?

ქეთევან ცინცაძე: უარყოფითი ნამდვილად არ მახსენდება. 

არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მიხეილ ჩინჩალაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, ლევან მურუსიძეს, გიორგი მიქაუტაძეს და სხვებს მოსამართლეთა კლანის წევრობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას ისინი მთლიანად აკონტროლებენ. 

ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან ერთ-ერთია. 

ქეთევან ცინცაძის სამუშაო გამოცდილება ასეთია: 2009-2011 წლებში ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის რეფერენტად მუშაობდა. 2011-2017 წლებში იგი იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე. 2017 წლის 21 ნოემბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ქეთევან ცინცაძე ხუთი წლის ვადით დამოუკიდებელ ინსპექტორად აირჩიეს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რამდენიმე კვირაა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენს. მოსმენა 8 ნოემბერს სრულდება. კანდიდატები უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად იბრძვიან. პარლამენტი მათ კენჭს სათითაოდ უყრის. 

კომენტარები