ბოლივია

არჩევნების გაყალბების ბრალდების გამო ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა

ევო მორალესი
EPA

ბოლივიის პრეზიდენტი ევრო მორალესი გასულ თვეს ჩატარებული არჩევნების გაყალბების ბრალდების და 3-კვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ თანამდებობას ტოვებს.

კვირას საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ 20 ოქტომბრის არჩევნებში იპოვეს "აშკარა მანიპულაციის" ნიშნები და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს.

მორალესმა მათი პოზიცია გაიზიარა და გამოაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის რეფორმის შემდეგ ხელახალი არჩევნების დანიშვნას გეგმავდა.

მიუხედავად ამ დაპირებისა, მოსახლეობამ, პოლიტიკოსებმა და არმიის გენერლებმა მას გადადგომისაკენ მოუწოდეს.

გასულ კვირას მორალესის რამდენიმე მოკავშირემ თქვა რომ მათზე თავდასხმა მოხდა და მათი სახლები გადაწვეს. უსაფრთხოების რისკების გამო თანამდებობა დატოვა მისი მოკავშირეების ნაწილმა.

სატელევიზიო მიმართვაში მორალესმა თქვა, რომ თანამდებობას დატოვებდა და მომიტინგეებს მოუწოდა მის დებზე და ძმებზე თავდასხმა შეწყვიტონ.

თანამდებობას დატოვებენ ვიცე-პრეზიდენტი ალვარო გარსია ლინერა და სენატის პრეზიდენტი ადრიანა სალვატიერაც.

მომიტინგეება მორალესის გადადგომა ქუჩაში აღნიშნეს.

შგახსენებთ, რომ პროტესტი ბოლივიაში 20 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტ ევო მორალესის გამოცხადებას მოჰყვა. პროტესტის განმავლობაში მომხდარი შეტაკებებისას დაიღუპა 3 ადამიანი. მომიტინგეებს პოლიციელების ნაწილიც შეუერთდა.

სამხედროებმა კი განაცხადეს, რომ მომიტინგეებზე ნებისმიერ თავდასხმას აღკვეთდნენ.

ოფიციალური პირების თქმით მორალესმა ხმების 47.1% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა კარლოს მესამ კი 36.51%, რითიც მორალესმა მეორე ტური თავიდან აიცილა. ამგვარად, მორალესი, რომელიც ბოლივიას 13 წელია მართავს, ქვეყნის სათავეში 2025 წლამდე დარჩებოდა.

მომიტინგეებს მიაჩნდათ, რომ არჩევნები გააყალბეს. ამის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხმების დათვლა 24 საათით შეფერხდა. მანამდე, უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული პირველადი შედეგების მიხედვით მორალესს და მესას თითქმის თანაბარი მხარდაჭერა ჰქონდათ და მეორე ტური უნდა დანიშნულიყო. ხმის დათვლის შეფერხების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მორალესი მესას 10 ნიშნულით უსწრებდა, რაც საკმარისი იყო მეორე ტურის თავიდან ასარიდებლად.

მორალესი გაყალბების ბრალდებებს უარყოფდა, მესა კი მეორე ტურის დანიშვნას მოითხოვდა. მის მოთხოვნას მხარს უჭერენ აშშ, ბრაზილია, არგენტინა და ჩილე.

მორალესის მხარდამჭერმა კუბამ და ვენესუელამ მისი გადადგომა სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასეს.

მექსიკაში ამბობენ, რომ მორალესისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს განიხილავენ.

კომენტარები