ჰონგ-კონგში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის უნივერსიტეტებთან შეტაკება მიმდინარეობს. დაპირისპირება ასევე გრძელდება ქალაქის ცენტრალურ ბიზნეს უბნებშიც.
მდგომარეობის ესკალაციას წინ უძღოდა ჰონგ-კონგის პოლიციის გავრცელებული განცხადება, რომ ჰონგ-კონგის კანონის უზენაესობა ტოტალური კოლაფსის ზღვარზე იყო.
ეს გაფრთხილება დღეს მას შემდეგ გავრცელდა, რაც გუშინ პოლიციამ კიდევ ერთ აქტივისტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ამ ქმედებას გაზრდილი პროტესტი და პოლიციასთან მეტი დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით კი ერთერთმა მომიტინგემ პეკინის პოლიტიკის მომხრე ერთერთ პირს ცეცხლი წაუკიდა, ის ამჟამად საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.
პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლს იყენებს. ასობით ნიღბიანი მომიტინგე სამართალდამცავებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, აგურებს და სხვა ნივთებს ესვრის.
მდგომარეობა განსაკუთრებით დაძაბულია ჰონგ-კონგის ჩინურ უნივერსიტეტში, სადაც სამართალდამცავები მომიტინგე სტუდენტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზის და სხვა საშუალებების გამოყენებას არ წყვეტს. სტუდენტებმა ბარიკადად ფურგონი გამოიყენეს, რასაც შემდეგ ცეცხლი წაეკიდა. ქალაქის უნივერსიტეტში მომიტინგეები ლურსმნებისგან დამზადებულ მოწყობილობებს ისროდნენ მათ წინააღმდეგ.
დაპირისპირების შედეგად უკვე რამდნიმე ადამიანია დაშავებული. ერთერთ სტუდენტს თვალი დაუზიანეს. მომიტინგეებმა მოქალაქეებს პირველად დამხარების და სხვა საშუალებების გაგზავნა თხოვეს.
ჰონგ-კონგის ლიდერმა ლერი ლამმა მომიტინგეებს "ეგოისტები და ხალხის მტრები" უწოდა. აშშ-მა შეშფოთება გამოხატა ჰონგ-კონგში ბოლო დროს განვითარებულ სიტუაციაზე, ყველა მხრიდან ძალადობა დაგმო და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
გუშინ ჰონგ-კონგში 260 მომიტინგე დაიჭირეს. ივნისიდან მოყოლებული აქციებზე 3 000 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.