საარჩევნო სისტემა

ოქრიაშვილი: ივანიშვილისგან იყო ზეწოლის მცდელობა, ხუნდაძე დატუქსასავით, სიცილით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობის სხდომაზე, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავდნენ, საწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფი დეპუტატების მიმართ ზეწოლის მცდელობა იყო.

დეპუტატის თქმით, ზეწოლას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა და განსაკუთრებული ზეწოლა დიმიტრი ხუნდაძის მიმართ იყო, "მასზე წავიდა მთელი აგრესია".

"ძალიან ბევრი დეპუტატია, ვინც არ უჭერს მხარს. დღეს უმრავლესობის შეკრებაზე იყო მცდელობა ზეწოლის ამ დეპუტატებზე, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. მაგალითად, დიტო ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, იმ მუქარით, რომ გარიცხავდნენ კიდევაც, მაგრამ მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. სხვა დეპუტატები რას იზამენ, მე არ ვიცი. [ბიძინა ივანიშვილმა ბიძინა ივანიშვილი] პირადად, დატუქსასავით, სიცილით. ბოდიში, რომ ეს სიტყვა ვიხმარე. დღეს დებატები გაგრძელდება, ჩემი პოზიცია უცვლელია. როგორც ვვარაუდობ, 20-მდე ადამიანია ან ცოტა მეტი, ვინც არ ემხრობა ახალ, უფრო სწორად მოძველებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სისტემაზე", - თქვა ოქრიაშვილმა.

​ჟურნალისტების კითხვას, დატოვებს თუ არა უმრავლესობას, თუ ისინი მხარს დაუჭერენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ოქრიაშვილი უარყოფითად პასუხობს.

"არა, არ დავტოვებ, რატომ უნდა დავტოვო უმრავლესობის რიგები, ჩემი პოზიცია მაქვს და ამ უმრავლესობაში მაქვს საშუალება, არის ზეწოლა თუ არ არის, ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო", - აღნიშნა დეპუტატმა.

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემა იყო, რომელსაც პარლამენტმა კენჭი 12 ნოემბერს არ უყარა. სხდომაზე მაჟორიტარების ნაწილმა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება გააკრიტიკა. პარალელურად პარლამენტთან მიმდინარეობდა მოქალაქეების აქცია - "არ გაბედო". მოძრაობა "სირცხვილია" ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს მიცემული პირობა.

ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები 2020 წელს 0%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, ასევე, აიკრძალება საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანება.

ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას, ასევე 3%-იან ბარიერსა და საარჩევნო ბლოკების დაშვებას ითვალისწინებდა, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მხრიდან ნახევრად პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე და მრავალათასიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რომლის ერთერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

კომენტარები