ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ივანიშვილის მმართველობა ერთ-ერთი მშვიდობიანი პერიოდია საქართველოსთვის

იმედი

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ იმედზე, გადაცემაში SWOT ანალიზი თქვა, რომ მცოცავი ოკუპაცია მხოლოდ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების შედეგია, რამაც 2008 წლის ომი გამოიწვია, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდი კი ერთ-ერთი მშვიდობიანი პერიოდია საქართველოსთვის.

"ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, სწორი და გონივრული პოლიტიკის პირობებში კონფლიქტის განმეორების თეორიული საფრთხე არის მინიმუმამდე დაყვანილი. ეს, რა თქმა უნდა, არ მომხდარა შემთხვევით, ეს არ მოხდა ავტომატურად. ეს არის სწორედ იმ გააზრებული, გონივრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგი, რომელიც ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა საქართველოში.

საბედნიეროდ, ჩვენი ხელისუფლების გონივრული მმართველობის შედეგად ჩვენ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ავაცილეთ ომი. ეს არის ერთ-ერთი მშვიდობიანი პერიოდი. ომით და უბედურებით არ დაგვიკარგავს ტერიტორიები.

ჩვენი ოპონენტებისგან მუდმივად მიმდინარეობს აპელირება იმაზე, რომ მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, ე.წ ბორდერიზაცია. თუმცა, მე მათ გავახსენებ, რომ ყველა ეს პროცესი, რაც ვახსენეთ: ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია არის 2008 წლის ომის შედეგი. მას შემდეგ სტატუს კვო განსაკუთრებულად არ შეცვლილა. ყველა ეს ტრაგედია არის იმის გაგრძელება, რაც დაიწყო მაშინ. ჩვენს ხელისუფლებას დამატებით რამე ექსცესი ან კონფლიქტი ან პრობლემა არ მოუტანია ჩვენი ხალხისთვის. და დიახ, ჩვენ ვაცხადებთ იმას, რომ ერთადერთი გამონაკლისი ჩვენ დროს იქნა დაშვებული", - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

მსგავს განცხადებას ღარიბაშვილი პირველად არ აკეთებს.

ასევე ტვ იმედის ეთერში, 1-ლ ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ "ოცნების" ხელისუფლება ერთადერთია, რომლის დროსაც ტერიტორიები არ დაკარგულა".

ქართული ოცნება ხელისუფლებას 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფლობს.

2008 წლის ომის შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა საოკუპაციო ხაზი არაერთხელ გადმოსწიეს, რის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს არაერთი მოქალაქის კუთვნილი მიწა მოექცა. ასევე, ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწიდან იტაცებენ ადგილობრივ მცხოვრებლებს.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს მოხდა, როცა რუსმა ოკუპატნებმა საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ასევე, გუგუტიანთკარიდან გაიტაცეს საქართველოს 8 მოქალაქე. მათი გათავისუფლება რამდენიმე დღის შემდეგ მოხერხდა.

კომენტარები