პროპორციული საარჩევნო სისტემა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გაათენეს, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

მოქალაქეებმა, რომლებიც გუშინ 14 ნოემბერს პარლამენტთან შეიკრიბნენ, ღამე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. ტერიტორიაზე გაშლილია კარვები, აქტივისტებმა გასათბობად ღამით ცეცხლი დაანთეს.

აქციის მონაწილეების თქმით, დაშლას არ აპირებენ. ისინი 24 საათის განმავლობაში პარლამენტთან ყოფნას გეგმავენ და ამბობენ, რომ გზას არ გახსნიან.

რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქციების განახლება და ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების გაერთიანება ქართული ოცნების მიერ გაცემული პირობის არშესრულებასა და იმ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

ოპოზიციური ფლანგი და სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" მთავარ მოთხოვნაზე - ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმდნენ. 

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს პირობა მას შემდეგ გასცა, რაც 20 ივნისის ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია.

რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით იყო გადაკეტილი, რომელთაგან ერთერთი სწორედ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო. 

კომენტარები