პროპორციული საარჩევნო სისტემა

ბაქრაძე: აქციები გაგრძელდება სანამ ხელისუფლებას არ გავაგებინებთ, რომ ქვეყანაში კრიზისია

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ბაქრაძის თქმით, ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს. 

"პირველი და მთავარი მიმართულება ოპოზიციის მოქმედებაში იქნება საპროტესტო აქციების გაგრძელება. აქციები უფრო გაიზრდება და გამწვავდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ამ ხელისუფლებას არ გავაგებინებთ და არ შევაგნებინებთ, რომ ქვეყანაში არის კრიზისი.

ბაქრაძე ამბობს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება დიპლომატიური კორპუსისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა.

"პარალელურად უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ელჩებთან. წინასწარი კომუნიკაცია უკვე გვქონდა და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დადებითია მათი განწყობა იმ შუალედური შეთავაზების მიმართ, რომლითაც შექმნილ მდგომარეობაში ხელისუფლებას მივმართავთ", — ამბობს ბაქრაძე. 

ამ დროისთვის, ოპოზიციური წარმომადგენლები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას მოითხოვენ. დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ე.წ. გერმანული მოდელით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ტექნიკურად შეუძლებელია. 

ცნობისთვის, 14 ნოემბერს ქართულმა უმრავლესობამ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. ეს გადაწყვეტილება პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო ივნისის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.

 

 

კომენტარები