საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქომ წესის აგების აკრძალვის გამო მიტროპოლიტ საბას კრიტიკა არასწორ ქმედებად მიიჩნია

news.ge

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მხრიდან ხონის და სამტრედიის იტროპოლიტ საბას კრიტიკას იმის გამო, რომ უკანასკნელმა "ბიბლიური თავისუფლების" დაღუპული წევრისთვის, 24 წლის ბიჭისთვის წესის აგება აკრძალა, "სასულიერო პირების მიერ არასწორ ქმედებად მიიჩნევს. 

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და გაგნიძეს მოუწოდა, თავი შეიკავოს თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისგან. 

"ა.წ. 13 ნოემბერს დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ინტერვიუში ადგილი ჰქონდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) პოზიციის მიმართ კრიტიკას და არაკორექტულ გამონათქვამებს; ამის მიზეზი გახდა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის, „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისაგან თავის შეკავება (საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე), რაც გამოწვეულია მართლამდიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელ რელიგიურ გაერთიანებასთან გარდაცვლილის კავშირით", - აღნიშნავს საპატრიარქო. 

არასწორ ქმედებად შეფასდა მმკ-ის წევრის, დეკანოს დავით ისაკაძის და მისი მხარდამჭერების მხრიდან მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მიმართ "კადნიერი კრიტიკის შემცველი ვიდეო მიმართვების გავრცელება, რომლის შინაარსი მმართველ მღვდელმთავართან (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან) შეთანხმებული არ იყო". 

"ბოლო ორი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცედენტი შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში.

ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან. პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში კი უნდა მომართონ საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა- თბილისის საეპარქიო მუდმივმოქმედ კომისიას" - წერია განცხადებაში.

პატრიარქის ბრძანებით, 2019 წლის 11 ნოემბრიდან საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნა მცხეთა-თბილისის საეპარქიო მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ეპარქიასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავს. 

  1. საპატრიარქოს ცნობით, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგი წევრებით:
  2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საპატრიარქო ტახტის მოსაყრდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
  3. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).
  4. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.
  5. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
  6. თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.

პარტიაა გირჩმა​​ 11 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღით ადრე ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა სურს. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 

როგორც გირჩს სასულიერო პირებმა უთხრეს, ადამიანებს, ვისაც "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა. 

ინფორმაციის გავრცელების განცხადება საპატრიარქოშიც გაკეთდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ "თუ ადამიანი ეკლესიას არ ეკუთვნის, მას ვერანაირ მსახურებას ვერ შეუსრულებენ​".

კომენტარები