IRI-ის კვლევა

IRI: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს 80% უჭერს, NATO-ში - 71%

speakerstones

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალ კვლევაში მოსახლეობას ქვეყნის საგარეო კურსზეც დაუსვეს კითხვები. 

საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას მხარს სრულად 59% უჭერს, ნაწილობრივ - 21%. ჯამში 10%-ია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სრულად ან ნაწილობრივ წინააღმდეგი (5%-5%). ასევე 10%-ს არ აქვს ან არ ამბობს პასუხს.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სრულად მხარდამჭერი ადამიანების რიცხვმა 2013 წლის თებერვლის შემდეგ დაიკლო. მაშინ ამას მხარს სრულად მოსახლეობის 67%, ნაწილობრივ კი - 21% უჭერდა. 

2014 წლის თებერვალში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობამ კლავ მოიმატა და 70% შეადგინდა, შემდეგ კი ისევ კლება განიცადა, თუმცა ივნისში, გავრილოვის ღამემდე, ჩატარებულ კვლევის შემდეგ მათმა რიცხვმა 2%-ით მოიმატა. 

მათგან, ვინც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას უჭერს მხარს, 45% ამის მიზეზად ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, 8% - უვიზო მიმოსვლას, 5% - უსაფრთხოებას, 4% - სამუშაო ადგილების შექმნას, 3-3% უკეთეს მომავალს, მაღალი ხარისხის განათლებასა და ევროპის ქვეყნებთან კულტურულ ურთიერთობებს, 2-2% სტაბილურობა/მშვიდობას, სავაჭრო ურთიერთობებს, თავდაცვასა და სამხედრო მხარდაჭერას, 1-1% კი ტერიტორიების დაბრუნებასა და სხვა მიზეზებს ასახელებს. 20%-მა არ იცის ან არ პასუხობს. 

რაც შეეხება NATO-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, ამას სრულად მხარს მოსახლეობის 51% უჭერს, ნაწილობრივ კი - 20%. 11% ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანების აბსოლუტური წინააღმდეგია, ხოლო 8% ნაწილობრივ. 

NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მსურველთა ყველაზე დიდი რაოდენობა 2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომის შემდეგ ჩატარებულ კვლევაში იყო, ხოლო ყველაზე ნაკლები - 2009 წლის ივნისში. 

მათგან, ვინც NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას უჭერს მხარს (51%), ამის მთავარ მიზეზად 27% უსაფრთხოებას ასახელებს, 15% - თავდაცვას. 11%-ის აზრით, ნატო-ში გაწევრიანება ეკონომიკას გააძლიერებს, 9%-ის აზრით, წართმეული ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარება. 5% მიზეზად სტაბილურობა/მშვიდობას ასახელებს, 4-4% რუსეთისგან თავდაცვასა და სამხედრო მხარდაჭერას. 

კითხვაზე, როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი, 54% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო 17%-ის აზრით, არასდროს. 18% კიი მიიჩნევს, რომ საქართველო NATO-ს წევრი 2024 წლის შემდეგ გახდება. 2021 წელს 4% ასახელებს, 2022-ს - 2%, 2023-ს - 2%, 2024-ს - 3%. 

კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი წინაღობა, რაც საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას უშლის ხელს, პასუხები შემდეგნაირია: 

ოკუპირებული რეგიონების სტატუსი - 41%;
რუსეთის წინააღმდეგობა - 23%;
საქართველოს შიდა წინააღმდეგობა - 11%;
NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგობა - 7%;
არ ვიცი/პასუხის არგაცემა - 17%;
სხვა მიზეზები - 1%.

კითხვაზე, როცა საქმე ეხება ოკუპირებული ტერიტორიებს სტატუსს, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, პასუხები შემდეგნაირია:

47% - საქართველო NATO-ს უნდა შეუერთდეს მხოლოდ მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიები სრულად იქნება ინტეგრირებული;
31% - საქართველო NATO-ს უნდა შეუერთდეს იმ შემთხვევაშიც, თუკი ოკუპირებული ტერიტორიები სრულად არ იქნება ინტეგრირებული;
22% - არ ვიცი/პასუხის არგაცემა.

შეკითხვაზე, "როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი?", 27% პასუხობს, რომ მხოლოდ პროდასავლური, 49%-ის აზრით კი, პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს. 

მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი პრორუსული უნდა იყოს, 12% კი მიიჩნევს, რომ პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ევროკავშირთან და დასავლეთთან უნდა შენარჩუნდეს ურთიერთობები. 

კომენტარები