არჩევნები 2020

ხუნდაძე: 30-ზე მეტმა პარტიამ 5 ათას ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების, საპროტესტო აქციების შესახებ ამბობს, რომ 30-ზე მეტმა პარტიამ 5-ათას ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა.

მისივე თქმით, 12-ზე მეტი პარტიის საერთო ჯამური რეიტინგი 1%-ია. შესაბამისად, ასეთი პარტიები პარლამენტში არ უნდა მოხვდნენ.

"თქვენ ხედავთ, რომ დღეს აბსოლუტურად არათავსებადი იდეოლოგიების მქონე პარტიები არიან ერთად, რომლებიც უბრალოდ ვერ შეთანხმდნენ ერთ განცხადებაზე, ერთ ქმედებაზე. მათი მხარდაჭერაც საზოგადოებაში, ხედავთ, რა იყო. რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, რომ დაახლოებით 30-ზე მეტმა პარტიამ 5 ათას ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა.

გადავხედე სტატისტიკას და 12 პარტიას ერთად აღებულს, რომელიც ხარჯავს დაახლოებით 10 მილიონს, რეიტინგი ანუ მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს, არც მეტი, არც ნაკლები, 1%.

ახლა წარმოიდგინეთ კოალიციური მთავრობა - პრორუსული, პროევროპული და, შესაძლოა, ამ კოალიციაშ მოხვედრილი მცირე, თუნდაც ერთკაცანი პარტია გახდეს მაშანტაჟირებელი და მოითხოვოს, მაგალითად, რომელიმე მინისტრის პორტფელი. ამ დროს თუ მას უარს ეუბნებიან, აქ ხდება მთელი ამბავი", - თქვა ხუნდაძემ ტვ იმედის ეთერში.

20-21 ივნისის, გავრილოვის ღამის მოვლენების და მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, 24 ივნისს, ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა.

თუმცა, 14 ნოემბერს ქართული ოცნების 40-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ინიციატივა ჩავარდა. ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მიერ გაცემული პირობა დაირღვა.

საპროტესტო აქციები განახლდა. ოპოზიციამ და აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს. 18 ნოემბერს ხელისუფლებამ დემონსტრანტები სპეცრაზმის გამოყენებით დაშლა.

დემონსტრანტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ხელისუფლებას ახლა 2020 წლის არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარებას სთხოვენ.

კომენტარები