ჰონგ-კონგი

აშშ-ის სენატმა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

standart.co.uk

აშშ-ის სენატმა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ჰონგ-კონგში უკვე ნახევარი წელია პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებენ და დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვენ.

"ჰონგ-კონგის მომიტინგეებო - ეს თქვენ შეძელით. თქვენმა გამბედაობამ შეძრა სენატი, შეძრა კონგრესი და შეძრავს მთელ მსოფლიოს. მხარი დაუჭირეთ ჰონგ-კონგს" - წერს სენატორი ჯოშ ჰოული Twitter-ზე.

კანონპროექტით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ.

გასულ თვეს წარმომადგენელთა პალატამ მსგავს კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა წარმომადგენელმა პალატამ და სენატმა ერთობლივად უნდა განიხილონ კანონპროექტის ორ ვარიანტს შორის განსხვავებები მანამ, სანამ დამტკიცებისთვის პრეზიდენტ ტრამპს გაუგზავნიან.

სენატის გადაწყვეტილებამ ჩინეთი გააბრაზა და აშშ ფაქტებისა და სიმართლის უგულვებელყოფაში, ორმაგი სტანდარტის ქონაში და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ჩინეთი ირწმუნება, რომ ჰონგ-კონგის აქციებს არაფერი აქვს საერთო ქალაქის დემოკრატიასთან და მთავარი საკითხი "ქაოსისა" და "მოძალადე დამნაშავეების" შეჩერება იყო. 

ჩინეთი აშშ-ს "მკაცრი საპასუხო ზომების" მიღებითაც დაემუქრა. 

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ჰონგ-კონგის მთავრობამაც - "სენატის მიერ კანონპროექტის მხარდაჭერა ავნებს ჰონგ-კონგისა და აშშ-ის ურთერთობებსა და საერთო ინტერესებს".

დემოკრატმა სენატორმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ კანონპროექტისთვის მხარდაჭერა ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და პრეზიდენტ სი ძინპინისთვის ხმამაღალი მესიჯია, რომ აშშ ჰონგ-კონგის დემოკრატიის მომხრე მომიტინგეების გვერდით დგას.

აგვისტოში ტრამპმა სი ძინპინს ჰონგ-კონგის საკითხზე შეხვედრა შესთავაზა. შეხვედრის შეთავაზებამდე ცოტა ხნით ადრე მან მომავალ ტარიფებზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩინეთს თავდაპირველად ჰონგ-კონგთან უნდა ემუშავა ჰუმანურად - "რათქმაუნდა, ჩინეთს შეთანხმების მიღწევა სურს. დაე, თავდაპირველად ჰონგ-კონგთან იმუშაონ ჰუმანურად!"

გასულ თვეს ასი ათასობით ჰონგ-კონგელმა აშშ-ს ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის აქტის მიღება თხოვა. 

სექტემბრის ბოლოს ვაშინგტონში ჰონგ-კონგელ აქტივისტებს აშშ-ის კონგრესში მოუსმინეს. მათ კონგრესს ჩინეთის შესაკავებლად მაკცრი ზომების მიღება სთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან პირველად, შაბათს ჰონგ-კონგის ქუჩებში ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმია გამოჩნდა. მათ ქუჩები ბარიკადებისაგან გაათავისუფლეს, თუმცა მათმა გამოჩენამ აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და მათ მთავრობას ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

კომენტარები