OECD-ის კვლევა

OECD-ის კვლევა: მოსწავლეების ცოდნის დონე ქალაქად უსწრებს სოფლად მცხოვრები მოსწავლეების დონეს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ.მიმოხილვა გამოაქვეყნა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში უკანასკნელ წლებში სწავლის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2009 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, საქართველოში 15 წლის მოსწავლეებმა სწავლა გააუმჯობესეს კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თითქმის ერთი სრული ნიშნით.

თუმცა, საქართველოში მიღწეული პროგრესი მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო.

მოსწავლეები ქალაქად უსწრებენ თანატოლებს სოფლად; სოციალურად და ეკონომიკურად პრივილეგირებული მოსწავლეები უსწრებენ თავიანთ სოციალურად დაუცველ თანატოლებს; ხოლო, ის მოსწავლეები, რომლებიც შინ ქართულად ლაპარაკობენ, უსწრებენ თავიანთ თანატოლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართული არ არის.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, სწავლის ხარისხში ეს უთანასწორობა 2009-2015 წლებში კიდევ უფრო გაიზარდა.

კერძოდ:

მონაწილეობა და შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება მოსწავლეთა დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა მნიშვნელოვანი განსხვავებები, როგორც მონაწილეობის, ისე შედეგების თვალსაზრისით რიგ განზომილებებში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სკოლაში ჩართულობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იგი განსხვავებულია მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით.

მაგალითად, ჩართულობის ნედლი მაჩვენებელი განათლების საშუალო საფეხურზე შეადგენს 72%-ს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის, ხოლო ეთნიკურად ქართველი მოსწავლეებისთვის კი 90%-ს (UNICEF, 2008).

რაც შეეხება სწავლის შედეგებს, 2015 წელს დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა საქართველოში 78 ქულით ნაკლები აიღეს, ვიდრე მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა, რაც უხეშად, სკოლაში სწავლის 2,5 წელს უდრის.

ეს სხვაობა უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთსა (58-ქულიანი განსხვავება) და თურქეთში (59-ქულიანი განსხვავება).

OECD ასევე წერს, რომ მონაწილეობა და შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება მოსწავლეთა დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.

კვლევაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სკოლაში ჩართულობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იგი განსხვავებულია მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით. მაგალითად, ჩართულობის ნედლი მაჩვენებელი განათლების საშუალო საფეხურზე შეადგენს 72%-ს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის, ხოლო ეთნიკურად ქართველი მოსწავლეებისთვის კი 90%-ს (UNICEF, 2008).

სხვა განზომილებები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში მოსწავლეთა შედეგები განსხვავდება, მოიცავს შემდეგს:

გეოგრაფიული მდებარეობა: მოსწავლეები სოფლად 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში, რაც, დაახლოებით, სკოლაში სწავლის 1,5 წელს უთანაბრდება (იხ. დიაგრამა #3). ეს განსხვავება რეგიონულ დონეზე იკვეთება, სადაც თბილისში მოსწავლეთა თითქმის ორი მესამედი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში PISA-ს შკალაზე საბაზისო მაჩვენებელს სცდება, ხოლო სოფლად მდებარე რეგიონებში, ამ დონეზე მოსწავლეთა მხოლოდ ერთი მესამედია

მშობლიური ენა: ქართულენოვანმა მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 419 ქულა მიიღეს, ხოლო იმ მოსწავლეებმა, რომლებიც შინ ქართულად არ ლაპარაკობენ - 359 ქულა. (OECD, 2016).

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსწავლეთა თითქმის ნახევარი საბაზისო ნიშნულს ვერ გასცდა, ეს ზღვარი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეთა თითქმის 90%-მა ვერ გადალახა. 3-ე დონეს კი ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ვერც ერთმა მოსწავლემ ვერ მიაღწია.

განათლების მიმართულება: პროფესიული განათლების დაწესებულებების სტუდენტებმა თითქმის 90 ქულით ნაკლები მიიღეს ზოგადი განათლების პროგრამებში თავიანთ თანატოლებთან შედარებით, რაც დაახლოებით, სკოლაში სწავლის სამ წელს უტოლდება

PISA 2015-ის მიხედვით, საქართველოში მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფების მიღწევებს შორის განსხვავებები გაზრდილია PISA 2009-ის მონაცემებთან შედარებით.

2009 წელს, მოსწავლეებმა ქალაქად 30 ქულით მეტი მიიღეს, ვიდრე მოსწავლეებმა სოფლად.

2015 წლისათვის ეს სხვაობა 44 ქულამდე გაიზარდა.

ამასთანავე, გაიზარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ქულებში არსებული განსხვავება ქართულენოვან და არაქართულენოვან მოსწავლეებს შორის 40 ქულიდან 60-ზე მეტ ქულამდე, რაც თითქმის სკოლაში სწავლის ორ წელს უთანაბრდება

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში მასწავლებლები მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად მონაწილეობენ პროფესიულ განვითარებაში, ვიდრე OECD-ის სხვა ქვეყნებში.

"განგრძობადი ტრენინგის გარეშე, მასწავლებლები ვერ ეცნობიან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, უახლეს პედაგოგიურ პრაქტიკებს, რომლებიც მოსწავლეებს სწავლაში ეხმარება. ამასთანავე, საქათველოში მასწავლებლები ყველაზე ასაკოვანნი არიან მასწავლებლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევაში (TALIS) მონაწილე ქვეყნების მასწავლებლებთან შედარებით. კერძოდ, მასწავლებელთა ერთ მეოთხედზე მეტი 60 წელს გადაცილებულია. შედეგად, ბერი მასწავლებელი მოსწავლეებს ტრადიციული მეთოდით ასწავლის, რომელიც აქცენტს აკეთებს ფაქტების დაზეპირებაზე და არა უნარებისა და კომპეტენციების დაუფლებაზე.

შესაბამისად, მოსწავლეებს საქართველოში უჭირთ ისეთი კომპეტენციების შეძენა, რომლებიც მათ სჭირდებათ განათლების უმაღლეს საფეხურსა და შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად", - წერია კვლევაში.

კომენტარები