გერმანული მოდელი

საია-ს თავმჯდომარე: გერმანული მოდელი კონსტიტუციურია

სულხან სალაძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, პირველი არხის ეთერში ე.წ. გერმანულ მოდელზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუკი გერმანული მოდელის მიღების პოლიტიკური ნება იარსებებს ამის საარჩევნო კოდექსში გაწერა და მოწესრიგება სრულიად შესაძლებელია.

"კანონიერია თუ არა გერმანული მოდელი - გერმანული მოდელი ვერ იქნება კანონიერი იმიტომ, რომ ეს კანონში არ წერია, მაგრამ ის კონსტიტუციური არის, რადგან არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ 73 მანდატი არის მაჟორიტარული, 77 მანდატი არის პროპორციული. ცხადია, კონსტიტუცია არაფერს ამბობს პროპორციული მანდატები რა პრინციპით შეიძლება გაანაწილო. ტექნიკურად თუკი ამის პოლიტიკური ნება იქნება, საარჩევნო კოდექსში შეიძლება შეიძლება ამის მოწესრიგება და გაწერა. იმას ვამბობ, რომ ერთი ერთზე გერმანულ მოდელს ვერ გადმოვიტანთ, მაგრამ ამ პრინციპის აღება შეიძლება", - თქვა სულხან სალაძემ.

მისი თქმით, გერმანული მოდელი არის უფრო ცუდი, ვიდრე ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციული სისტემა, თუმცა არის უკეთესი ვიდრე ჩვენი დღევანდელი საარჩევნო სისტემა.

"დღეს არსებული საარჩევნო სისტემა არის იმის გარანტი რომ ის ვინც იგებს არჩევნებს, იგებს ყველაფერს და ის ვინც აგებს, აგებს ყველაფერს", - თქვა სულხან სალაძემ.

14 ნოემბერს ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია.

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მსჯელობის შემდეგ საერთო მოთხოვნებსა და სამოქმედო გეგმაზე შეჯერდნენ. 

ოპოზიციის მოთხოვნა მოკლედ ასე გამოიხატება - დროებითი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით. 

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, მინიმუმ, თვენახევარი და ხმების 3/4 სჭირდება, რის მობილიზებასაც, ქართული ოცნების მტკიცებით, ისინი ვერ ახერხებენ, ოპოზიციამ ხელისუფლებას ალტერნატივად ე.წ გერმანული მოდელი შესთავაზა

კომენტარები