მაიკ პენსი

მაიკ პენსი ერაყს დაუგეგმავად ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, დღეს დაუგეგმავად ჩავიდა ერაყში.

პენსმა მადლიერების დღის წინ მოინახულა ამერიკელი სამხედროები, შეხვდა ქურთული ნაწილის პრეზიდენტსა და ტელეფონით ესაუბრა ერაყის პრემიერ მინისტრს.

ვიზიტის მიზანი ერთი მხრივ, ამერიკელი სამხედროების გამხნევება, მეორე მხრივ კი ერაყელი ქურთებისადმი მხარდაჭერის გამოხატვა იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ სირიიდან ჯარის გაყვანა გადაწყვიტა, რითაც ადგილობრივი ქურთები ძლიერი მოკავშირის გარეშე დატოვა.

ამავდროულად, ერაყში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო გამოსვლები ერაყში სპონტანურად, პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. პროტესტი ცხოვრების პირობების გაუარესებას, უმუშევრობას, კორუფციას და საჯარო სერვისების გაუმართაობას მოჰყვა.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა და დაუსაქმებელი მოქალაქეები არაინ. ისინი სამართალდამცავების გადამეტებული ძალის გამოყენებასაც აპროტესტებენ.

ბაღდადში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ერაყის მთავრობას მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შეწყვეტის, საარჩევნო რეფორმის გატარების და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნისაკენ მოუწოდებენ.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, სანქციების შემოღების მზადყოფნაც გამოთქვა.

 

კომენტარები