აშშ - საქართველო

Washington Examiner: ტრამპი უნდა დაეხმაროს ქართველებს, გაუმკლავდნენ მათი მთავრობის ღალატს

ტაბულა

ამერიკულ გამოცემაში Washington Examiner გამოქვეყნდა წერილი სათაურით "ტრამპი უნდა დაეხმაროს ქართველებს, გაუმკლავდნენ მათი მთავრობის ღალატს", სადაც ავტორი, ტომ როგანი მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში დაადასტურონ პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერა და გააფრთხილონ ივანიშვილი, რომ მისი კრონიზმი მისივე ფინანსურ აქტივებზე დაწესებული სანქციებით დასრულდება.

"ამერიკის შეერთებული შტატები ამ დესტაბილიზაციის უბრალო მოწმე არ უნდა იყოს. ქართველებს, რომლებიც გამწვავებული რუსულ აგრესიასა და ივანიშვილის ბოროტების პირისპირ დგანან, ამერიკის მხარდაჭერა სჭირდებათ. რესპუბლიკელი სენატორი ადამ კინზინგერი ამ საკითხს ხელმძღვანელობს, თუმცა მეტი ქმედებაა საჭირო."

ავტორი წერს, რომ ქართველები პროამერიკელები არიან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ივანიშვილი ორგანიზებულ ამერიკულ წნეხს წინ აღუდგეს:

"ნაწილობრივი იმიტომ, რომ ოლიგარქს აქ ბევრი ფული აქვს. საპასუხოდ, პრეზიდენტმა ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პროპორციულ წარმომადგენლობით სისტემით შეცვლაზე მათი მხარდაჭერა უნდა დაადასტურონ. ორიდან ერთი საქართველოს უნდა ეწვიოს, რათა ამერიკამ მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს გაძლიერებულ დემოკრატიას. უნდა იმოქმედოს აშშ-ის საელჩომაც. მან ქართული ოცნების ლიდერებისთვის ნათელი უნდა გახადოს, რომ განგრძობადი ამერიკული სამხედრო და ეკონომიკური დახმარება, გაზრდილი ვაჭრობა საარჩევნო რეფორმის სწრაფ განხორციელებაზეა დამოკიდებული".

ავტორი ოლიგარქ ივანიშვილს პუტინიზმისკენ მიდრეკილ კრონი კაპიტალისტს უწოდებს, რომელიც დასავლეთთან საქართველოს კავშირს ამცირებს. როგანმა აღნიშნა, რომ ამერიკის საელჩომ ივანიშვილი უნდა გააფრთხილოს, რომ მისმა კრონიზმმა შესაძლოა მის აქტივებზე სანქციების დაწესება გამოიწვიოს. 

"მთავარი აქ არის ის, რომ საქართველო გზაგასაყარზეა. ის, შესაძლოა, დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ ან სულ უფრო ავტორიტარული, პუტინის სტილის კრონიზმისკენ წავიდეს. ამერიკა უნდა დაეხმაროს ქართველ ხალხს უკეთესი მომავალის მიღწევაში".

ავტორი წერს, რომ ორშაბათს საქართველოში ათასობით მოქალაქემ სწორედ მთავრობის მიერ დემოკრატიის ღალატი გააპროტესტა. 

როგანმა ისიც თქვა, რომ ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის ახალმა კომენტარმა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხი დახურული იყო, კიდევ უფრო გააბრაზა მომიტინგეები, რის გამოც სამშაბათს ისინი პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას აპირებდნენ.

ავტორმა ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის სიტყვები მოიხმო, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდებით ივანიშვილმა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და მეგობრები მოატყუა, არამედ ქვეყანა საშიშ გზაზე დააყენა.

კომენტარები