ე.წ გერმანული მოდელი

კობახიძე: ვინც ამტკიცებს, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციურია, I კურსის მასალას ვერ დაძლევს

პარლამენტი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, უმარტივესი კაზუსია, რომ არჩევნების ე.წ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია.

შესაბამისად, ეს შეთავაზება კრიზისს ვერ განმუხტავს. 

"გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დისკუსია მისაღებია კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამაზე მკაფიოდ განვაცხადე რამდენჯერმე და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, ეს არის კაზუსი, რომელიც - გერმანიაში ვსწავლობდი 3 წელი - ამოიხსნება პირველი კურსის პირველ-მეორე ლექციებზე. გერმანული მოდელი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს. ნებისმიერი პირთან მზად ვარ ამაზე დისკუსიისთვის. ვინც სხვა რამეს ამტკიცებს, მას გაუჭირდება პირველი კურსის მასალის დაძლევა. შეგვიძლია დავსხდეთ და სათითაოდ, არგუმენტირებულად ავუხსნათ ოპოზიციას, სად არის წინააღმდეგობა გერმანულ მოდელს და საქართველოს კონსტიტუციას შორის", - თქვა კობახიძემ.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, აქტივისტებმა და ოპოზიციამ ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელი შესთავაზეს.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს შეთავაზება არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელი შერეული ტიპის საარჩევნო სისტემად ითვლება, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ არჩევნებში მაინც მონაწილეობენ, თუმცა დღეს არსებული საარჩევნო სისტემისგან განსხვავებით, მას ის უპირატესობა აქვს, რომ პარტიები პარლამენტში მხოლოდ იმ რაოდენობით დეპუტატებს შეიყვანენ, რამდენ პროცენტსაც აიღებენ პროპორციული საარჩევნო სისტემით.

ე.წ გერმანული მოდელის მიღებას 113 დეპუტატის ნაცვლად მხოლოდ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, ვინაიდან ცვლილება შედის არა კონსტიტუციაში, არამედ, საარჩევნო კოდექსში, რომლისთვისაც აბსოლუტური უმრავლესობაც (ნახევარზე მეტი) კმარა.

კომენტარები