პარლამენტის პიკეტირება

ღარიბაშვილი: ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე ძლიერი, ვიდრე ნაცმოძრაობას წარმოუდგენია

ტაბულა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის, რაც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება, საფრთხეა და ეს საფრთხე "რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან მომდინარეობს".

"როგორც მთავრობის წევრმა და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა დღევანდელი ვითარება შემიძლია შევაფასო ასე, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას, გარდა ოკუპაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირისა, უმუშევრობის გამოწვევების და პრობლემებისა, ერთ-ერთი მთავარი, აქტუალური გამოწვევა, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებას წინ უდგას, ეს საფრთხე მომდინარეობს სწორედ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან. რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი.

დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ ადეკვატური პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს ამ საფრთხისშემცველი რადიკალური ძალის მხრიდან", - თქვა ექსპრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის პიკეტირება აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუშინ, 27 ნოემბერს დააანონსეს, დღეს დილით კი საკანონმდებლო ორგანოს შენობის ირგვლივ ყველა ქუჩა სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი დახვდათ - ქუჩები რკინის ჯებირებით არის ჩახერგილი.

პარლამენტის პიკეტირება ოპოზიციური გაერთიანების ბრძოლის ერთ-ერთი გზაა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

დასავლელი პარტნიორების, ელჩებისა და ექსპერტების მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლება დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს, ქართული ოცნება მოქალაქეებს სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის ენით ესაუბრება.

18 და 26 ნოემბერს პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაარბია, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ მოქალაქეს თვალი დაუზიანდა.

ჯამში, ორივე დარბევის დროს, პოლიციამ 55 მოქალაქე დააკავა. ამასთან, აქციების დროს პერმანენტულად აკავებენ მოქალაქეებს, რასაც განრიდებას უწოდებენ. Amnesty International ხელისუფლებას ამ პრაქტიკის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ამგვარი ადმინისტრაციული დაკავევები მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს ზღუდავს.

იგივე ორგანიზაცია წერს, რომ 18 და 26 ნოემბერს წყლის ჭავლის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან არც პროპორციული ძალა იყო და არც - საჭირო.

კომენტარები