S-400

ამერიკელ სენატორებს თურქეთისთვის რუსული S-400-ების შესყიდვისთვის სანქციების დაკისრება სურთ

ამერიკელმა სენატორებმა ტრამპის ადმინისტრაციას მიმართეს, რომ თურქეთს რუსული S-400-ების შესყიდვის გამო სანქციები დაუწესონ. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს "საშინელ სიგნალს" გაუგზავნის სხვა ქვეყნებს, რომ მათ ღიად, შედეგების გარეშე შეეძლებათ აშშ-ის კანონების დარღვევა.

რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება აშშ-ის 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით) არღვევს, რითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.

"მოთმინების დრო დიდი ხანია გავიდა," - დემოკრატმა სენატორმა კრის ვან ჰოლენმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს NATO-ს სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მიწერეს.

მათ პომპეოს მისივე სიტყვები გაახსენეს, რომ კანონით თურქეთს სანქციები ეკისრება და ის დარწმუნებული იყო, რომ პრეზიდენტ ტრამპი ამას გააკეთებდა.

სენატორებმა გაიხსენეს, რომ კონგრესმა და ადმინისტრაციამ მოსალოდნელ სანქციებზე ერდოღანი არაერთხელ გააფრთხილეს.

სენატორმა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის რესპუბლიკელმა ხელმძღვანელმა ჯიმ რიშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კომიტეტი ცალკე კანონპროექტს მომავალ კვირას მიცემს ხმას, რათა ანკარას სანქციები დაეკისროს. სხვა დეტალები, ჯერჯერბით, უცნობია.

პრეზიდენტ ტრამპს თურქეთისთვის ამ შესყიდვის თაობაზე სანქციები ჯერჯერობით არ დაუწესებია. რუსული S-400-ების შესყიდვასთან ერთად, ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეჭრამ სენატორები კიდევ უფრო აღაშფოთა.

გასულ თვეს მოსკოვში განაცხადეს, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში თურქეთისთვის მეტი S-400-ების მიყიდვას იმედოვნებდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მა თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა. 

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

შეთანხმებამ NATO-ს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ იარაღის NATO-ს თავდაცვის სიტემაში ინტეგრაცია ვერ მოხდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შესაძლოა, თურქეთს S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემები კიდევ მიჰყიდონ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაისში თქვა, რომ რუსეთისაგან S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენის შემდეგ ანკარა მოსკოვთან ერთად S-500 ტიპის თავდაცვის სისტემის წარმოებაზეც იმუშავებს.

კომენტარები