საპატრიარქო

ილია II: მერცხლებს ვუთხარი, ბუდე აქ არ დაიდოთ-მეთქი და ყველაფერი გაიგეს, სხვაგან გააკეთეს

ipress

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღე მიულოცა და სამების ტაძარში წირვა აღავლინა. 

ილია II-მ ქადაგების დროს ერთი შემთხვევა გაიხსენა, რომელიც მატყოფის დედათა მონასტერში მოხდა, სადაც ის ისვენებდა. 

"მოფრინდა ორი მერცხალი და გარშემო უვლიდა ოთახს, სადაც მე ვიყავი. შემდეგ დაიწყეს ბუდის კეთება, ჩქარობდნენ ბუდის გაკეთებას. სადაც დაიწყეს ბუდის კეთება, ის შუაში ეკიდა ჭაღი. თქვენ იცით, ჭაღს აქვს თაღი, მერე ჯაჭვები და იმ თაღს აქვს მრგვალი რკინის საკიდი. იმ თაღში შევიდნენ, იქ აკეთებდნენ ბუდეს. ვუთხარი, მანდ რომ აკეთებთ ბუდეს, მანდ დენია, ელექტროდენია-მეთქი და შეიძლება, დაგარტყას და მოგკლას. ახლა მე ფიცარს ავიღებ, კუთხეში სადმე გაგიკეთებთ და იქ გააკეთეთ თქვენი ბუდე. სულ გაიგეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი გაიგეს. ვიპოვე პატარა ფიცარი, კუთხეში დავარტყი ლურსმანი და ვუთხარი, ახლა გააკეთეთ-მეთქი და ესეც გაიგეს. დაიწყეს კეთება, დაანებეს თავი იმ ჭაღს და დაიწყეს ფიცარზე კეთება,"- იხსენებს პატრიარქი. 

ილია II-ის თქმით, ამის შემდეგ მთაზე წმინდა გიორგის სალოცავზე ავიდნენ, რომელიც სახლიდან ერთ კილომეტრში იყო. დაღამებისას კი უკან დაბრუნდნენ და გზად მათთან ორი მერცხალი მიფრინდა. 

"ვუთხარი, ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, რომ ეს ჩვენი მერცხლები ხომ არ არიან-მეთქი, ჩამოვედით სახლში და დედა გალინას ვკითხე, ხომ არ გინახავს-მეთქი მერცხლები, ის მპასუხობს, ცოცხით ძლივს გავყარე ოთახიდანო. რატომ გაყარე-მეთქი, ვინ დაგავალა-მეთქი, მე დარდი გამყვა, სად იქნებიან-მეთქი.

მეორე დღეს მოფრინდნენ ისევ, სამი წრე გააკეთეს და დამემშვიდობნენ. ძალიან იმოქმედა ამან, აღარ მოფრენილან, მაგრამ დაგვემშვიდობნენ. ეს მეტყველებს, როგორი კავშირია ადამიანსა და ბუნებას შორის,"- ყვება ილია II. 

კომენტარები