აქცია შსს-სთან

"მოძალადესთან ნუ ГАИგივდები"-აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

TV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. აქცია-პერფორმანსს მოძრაობა "სირცხვილიას", "გაბედესა" და "შეცვალეს" წევრები მართავენ. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლებიც.

აქციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ბანერები აქვთ მიტანილი. "ვაჟა, გადმოდი მანქანიდან", "მოძალადესთან ნუ ГАИგივდები" - მიმართავენ ისინი საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს.

როგორც აქტივისტები ამბობენ, მათი მიზანია, გააპროტესტონ პოლიციელთა უკანონო ქმედებები და უმოქმედობა მაშინ, როდესაც, მათივე თქმით, მათ თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას უზღუდავენ.  

"ძალიან სამწუხარო და, იმედი მაქვს, დროებითი ტენდენციაა, რომ პოლიცია გადგა გვერდზე და აღარ იცავს დემონსტრანტებს, აღარ იცავს მათ კონსტიტუციურ უფლებას, შეიკრიბონ და გააპროტესტონ. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავდით, როგორ რეაგირებდა და დღემდე არავინ არის დაკავებული",-თქვა მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა. 

2 დეკემბერს ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობების, "გაბედესა" და "სირცხვილიას" წევრებმა აქცია გამართეს. აქციის დაწყებიდან მალევე მათთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები ყვირილითა და გინებით მივიდნენ. ისინი სამოქალაქო მოძრაობების წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მათ მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ნივთს. შედეგად, 5 აქტივისტი დაშავდა. პოლიციას არავინ დაუკავებია. ისინი მშვიდობიან აქტივისტებს მოუწოდებდნენ, ტერიტორიას გარიდებოდნენ.

კომენტარები