ერთად ერთის წინააღმდეგ

ვაშაძე: ყველა ქალაქში ჩავატარებთ აქციას - ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში, თელავში და ა.შ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქუთაისის შემდეგ ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს სხვა ქალაქებშიც მოაწყობს. 

ქუთაისში აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვაშაძემ თქვა, რომ პროტესტი გრძელდება და ის მთელ საქართველოს მოედება - ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი, თელავი, გორი, ახალციხე, რუსთავი, მარნეული, თბილისი მცხეთა. 

"ისინი ძალადობენ, ჩვენ მშვიდობით და სიკეთით ვპასუხობთ მათ. მათ პოლიციის კორდონები მიაცილებენ, რომ დაესხან თავს ახალგაზრდებს, ჩვენ პოლიციას მოვუწოდებთ, რომ კანონი და კონსტიტუცია დაიცვას,"- თქვა ვაშაძემ. 

სამოქმედო გეგმებზე საუბრისას, ახალი საქართველოს ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ რეგიონული შემოვლის შემდეგ, თუკი ხელისუფლება მოთხოვნების შესრულებაზე კვლავ უარს იტყვის, ისინი საერთო ეროვნულ წინააღმდეგობის მოძრაობას დაიწყებენ. 

"ყველა სოფელსა და ქალაქს მოედება, მთელი მსოფლიო ნახავს, რომ ერი და ბერი დადგება ფეხზე და ერთხელ და სამუდამოდ ამ მატყუარა, თაღლით ადამიანთა ჯგუფს გავისტუმრებთ ისტორიულ მოუსავლელში,"- თქვა ვაშაძემ. 

ოპოზიციურმა პარტიებმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ 6 დეკემბერს ქუთაისში აქცია გამართა "ქუთაისიდან ერთად ერთის წინააღმდეგ". 

მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით დროებითი, ტექნიკური მთავრობის მიერ. 

ამ საერთო მოთხოვნებზე ოპოზიცია მას შემდეგ შეთანხმდა, რაც ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დადებული პირობა არ შეასრულა და კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

კომენტარები