ინდოეთი

ინდოეთში დაწვეს ქალი, რომელიც მასზე მოძალადე ორი კაცის პროცესზე მიდიოდა, ქალი გარდაიცვალა

The Straits Times

 

ინდოეთში უტარ პრადეშის შტატში 23 წლის ქალი, რომელიც მატარებლის სადგურზე ხუთმა მამაკაცმა ცემა, ნავთი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ის სასამართლო პროცესზე მიდიოდა სადაც უნდა განეხილათ მის გაუპატიურებაში ბრალდებული ორი კაცის საქმე. 

ქალი დელიში გადაიყვანეს, თუმცა ის ვერ გადაარჩინეს. ქალს სხეულის 95% დამწვარი ჰქონდა. დამწვარი იყო მისი ტრაქეაც, ფილტვები მომწამლავი და ცხელი კვამლით იყო დაბინძურებული. ქალს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

ადგილობრივ მედიაში Aaj Taj ამბობენ, რომ თავდასხმის შემდეგ მან თითქმის ერთი კილომეტრი გაიარა და პოლიციას თავად დაუკავშირდა. 

ქალმა შეძლო პოლიციისათვის ეთქვა, რომ თავდამსხმელებს შორის მოძალადეები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ. ბრალდებულებიდან ერთი ამ დრომდე მიმალვაშია, მეორე კი სასამართლო პროცესამდე გირაოთი იყო გამოშვებული.

თავდასხმასთან დაკავშირებით 5 პირია დაკავებული.

დაღუპულის მამა ამბობს, რომ მის ოჯახს ქალზე ერთერთი მოძალადე კაცის ოჯახი ავიწროებდა. ქალის დის თქმით, მსხვერპლს მასზე მოძალადე კაცებისთვის სასიკვდილო განაჩენის მოთხოვნა სურდა.

უტარ პრადეშის შტატი ინდოეთში ყველაზე ხალხმრავალია. 2017 წლის ინფორმაციით, ამ შტატში ქალებზე ძალადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. მხოლოდ 2017 წელს გაუპატიურების 4200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ინდოეთის სტატისტიკას, 2017 წელს ქვეყანაში პოლიციაში 33 658 გაუპატიურების საქმე დაარეგისტრირეს, რაც დღეში საშუალოდ 92 გაუპატიურების შემთხვევაა.

კომენტარები