აფეთქება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

თბილისში ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, დაშავებულია 5 პირი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის "სენტა" მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, ხანძარი ლიკვიდირებულია. 

დაშავებულია ხუთი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის ორ ოთახში იყო გავრცელებული. აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობდა. ტერიტორიაზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები