ილონ მასკი

ილონ მასკმა მყვინთავს, რომელსაც პედოფილი უწოდა, სასამართლო მოუგო

EPA

ტესლას გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა მყვინთავს, ვერნონ ანსვორზს, რომელსაც "პედოფილი" უწოდა, სასამართლო მოუგო

მასკმა და ანსვორზმა 2018 წელს ტაილანდში მღვიმიდან ბავშვების გამოყვანის საკითხზე იკამათეს. მყვინთავმა, ბიზნესმენის მიერ სპეციალურად შექმნილი ნავი ბავშვების გამოყვანის ოპერაციაში გამოუსადეგრად მიიჩნია. მისი თქმით, ნავი მასკმა პიარკამპანიისთვის შექმნა. ასევე, მყვინთავმა CNN-თან ინტერვიუში მასკს მიმართა, ნავი იქ გაეკეთებინა, "სადაც მტკივნეულია". ტესლას დამფუძნებელმა ანსვორზს პედოფილი (pedo guy) უწოდა, თუმცა ტვიტი მოგვიანებით წაშალა და ბოდიშიც მოიხადა.

ანსვორზი ამტკიცებდა, რომ მასკის ტვიტმა მას რეპუტაცია შეულახა და კომპენსაციის სახით 190 მილიონ დოლარს ითხოვდა. თუმცა, ლოს-ანჯელესის რაიონულმა სასამართლომ მასკის გამონათქვამი ცილისმწამებლურად არ მიიჩნია. 

მასკის თქმით, სამხრეთ აფრიკაში, იქ, სადაც გაიზარდა, მისი ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით არ გამოიყენება. 

ანსვორზის ადვოკატის თქმით, მასკმა ამ ფრაზით მყვინთავს "ატომური ბომბი ესროლა", რომელმაც მის რეპუტაციასა და ურთიერთობებზე დიდი გავლენა მოახდინა. 

"ჩემი რწმენა ადამიანების მიმართ აღდგა",-თქვა მასკმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. 

11-დან 16 წლამდე ასაკის 12-მა ტაილანდელმა ფეხბურთელმა 25 წლის მწვრთნელთან ერთად ტაილანდის მღვიმეში 18 დღე გაატარა. ისინი მღვიმეში 2018 წლის 23 ივნისს შევიდნენ, თუმცა, წყლის აწეული დონის გამო იქ რამდენიმე კვირა მოუხდათ დარჩენა. მათი გამოყვანა მყვინთავებმა მხოლოდ 10 ივლისს შეძლეს.

კომენტარები