ბოკერია: თუ ივანიშვილი გააგრძელებს უტიფრობას, იქნება იზოლირებული ქვეყნის შიგნით და გარეთ

გიგა ბოკერია

"ივანიშვილს და მის კლოუნების გუნდს ექნებათ პრობლემები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ექნებათ დიდი პრობლემები ქვეყნის გარეთ,"- ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

ბოკერია ამბობს, რომ პერსონალურად ივანიშვილსაც სერიოზული პრობლემები ექნება ქვეყნის გარეთ, თუ ის რაციონალურ კომპრომისზე არ წავა და არ დათანხმდება ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლას. 

"შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს შიგნით არსებული ვითარება, გარე გამოწვევებსაც შევეხეთ, რადგან ამის ფონზე განსაკუთრებით სახიფათოა, ის რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს ქვეყნის შიგნით. როგორ შექმნა ეს კრიზისი, როგორ აღრმავებს ამ კრიზისს თავისი უგუნური და უკანონო კრიმინალური მოქმედებებით. პოლიტიკური ფიგურების დაკავებით და უტიფრობის გაგრძელებით, ჯერჯერობით," - ამბობს ბოკერია. 

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას და ივანიშვილს ორი გზა აქვთ, ან გადადგან ნაბიჯი განმუხტვისკენ, ან "გააგრძელონ უტიფრობა და აღმოჩნდნენ იზოლირებული ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ."

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროპარლამენტარებს დღეს, 8 დეკემბერს შეხვდნენ. 

დღესვე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 18:00-ზე, სასტუმრო შერატონში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. 30 ნოემბრის პირველი შეხვედრის მსგავსად, მოლაპარაკების მეორე რაუნდიც დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით შედგება - შეხვედრას ოპოზიციიდან ასევე დაესწრება პარტია "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ვაშაძეც.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

კომენტარები