საქართველოს ევროინტეგრაცია

CRRC Georgia: საქართველოში ევროინტეგრაციის მიმართ ოპტიმიზმი იკლებს

CRRC

CRRC Georgia-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2013 წლიდან მოყოლებული ხალხს უფრო და უფრო ნაკლებად სჯერა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ჯერ არ არის, თუმცა სახელმწიოს ევროინტეგრაციის სურვილი გაცხადებული აქვს და მზად არის, მაშინვე გაწევრიანდეს, როცა ამისთვის მზად მიიჩნევენ.

საქართველოში ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შესახებ 2019 წლის გაზაფხულზე “კავკასიის ბარომეტრის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: "ხვალ რომ რეფერენდუმი ტარდებოდეს, რა პოზიცია გექნებოდათ?"- მოსახლეობის 71% ამბობს, რომ ხმას მისცემდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მხოლოდ 10% გამოხატავდა საპირისპირო მოსაზრებას, ხოლო 7% საერთოდ არ მიიღებდა მონაწილეობას. მაშინ, როცა ევროკავშირისადმი მხარდაჭერა აშკარად ძლიერია, ადამიანები უფრო და უფრო პესიმისტურად განწყობილნი ხდებიან ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით. 

2009 წლის შემდეგ გამოკითხვებში რესპონდენტებს ეკითხებოდნენ: “როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი? 5 წელში ან ნაკლებში, 6-10 წელში, 10 წელში და მეტში თუ არასდროს?”, ქვემოთ მოცემული გრაფა აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ოპტიმიზმი ბოლო წლებში იკლებს. 


ფოტო: CRRC

იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაია 5 წელიწადში ან ნაკლებში მოხდებოდა, 2019 წელს განახევრდა და 30%-დან 15%-მდე შემცირდა. ხოლო იმ გამოკითხულთა წილი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საქართველო 10 წელში ან უფრო მეტში, ან ვერასდროს გახდებოდა წევრი, შესაბამისად,  10%-დან (2009) 19%-მდე (2019) და 1%-დან (2009) 11%-მდე (2019) გაიზარდა. 

ახლანდელი დამოკიდებულებების გამოსავლენად 2019 წელს ახალი კვლევა ჩატარდა, რომლის ანალიზიც გვიჩვენებს, რომ, ძირითადად, 55 წელზე უფროსი ადამიანები ნაკლებად ოპტიმისტურნი არიან საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ვიდრე 18-დან 35 წლამდე ადამიანები. ასევე, კაცები უფრო პესიმისტური განწყობებით გამოირჩევიან, ვიდრე ქალები. 

გამოვლინდა ასევე გარკვეული ურთიერთმიმართება განწყობასა და პარტიულ მიკუთვნებულობას შორის. მონაცემების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ან არ იციან, რომელი პარტია მოსწონთ, ან ამის გამოხატვისგან თავს იკავებენ, უფრო პესიმიტურად უყურებენ საკითხს, ვიდრე ქართული ოცნების მხარდამჭერები. ასევე, ენმ-სა და პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები და არაპარტიული რესპონდენტებიც ნაკლებად ოპტიმისტური განწყობით გამოირჩევიან, ვიდრე მმართველი პარტიის ამომრჩევლები. 

საბოლოოდ, მონაცემები გვაჩვენებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება უფრო და უფრო პესიმისტური ხდება, ეს პროცესი კი 2013 წლიდან დაიწყო. 


ფოტო: CRRC

 


ფოტო: CRRC

კომენტარები