აშშ-რუსეთი

ტრამპი და პომპეო თეთრ სახლში სერგეი ლავროვს შეხვდნენ

სერგეი ლავროვი და მაიკ პომპეო
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თეთრ სახლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდნენ.

ტრამპისა და ლავროვის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით ტრამპმა ლავროვი გააფრთხილა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩაერიონ.

რუსეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე კი ლავროვმა თქვა, რომ არჩევნების საკითხზე არ უსაუბრიათ, შემდეგ კი ნათქვამში შესწორება შეიტანა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპთან მაიკ პომპეოს განცხადებაზე დაიჩივლა და შესთავაზა ამ საკითხზე რუსეთსა და აშშ-ს შორის ოფიციალური მიმოწერა გამოექვეყნებინათ.

"მე მას ვუთხარი, რომ სახელმწიფო მდივანმა ეს საჯაროდ ახსენა. პასუხად საჯაროდ შევახსენე, რომ ამ ადმინისტრაციას შევთავაზეთ გამოგვექვეყნებინა ოფიციალური მიმოწერა იმ არხიდან, რომელიც კიბერ საფრთხეების შესახებ გასაფრთხილებლად შეიქმნა - მიმოწერა, რომელიც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრამდე ხდებოდა. ეს დაამტკიცებს, რომ ყველა საკითხზე თანამშრომლობისათვის ვიყავით მზად, რასაც კი კავშირი ჰქონდა აშშ-ის ეჭვებთან არჩევნებში ჩარევის თაობაზე. ობამას ადმინისტრაციამ უარი თქვა."

მანამდე ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პომპეომ თქვა, რომ მასთან ნათლად დააფიქსირა, რომ აშშ-ის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევა მიუღებელია, ტრამპის ადმინისტრაცია არჩევნების სამართლიანობის დაცვაზე იზრუნებს და რუსეთს ან სხვა უცხო აქტორს დემოკრატიული პროცესისათვის საფუძვლის შერყევის უფლებას არ მისცემს.

ლავროვმა პომპეოს ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

პომპეომ ლავროვთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ უახლოეს პერიოდში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაფართოებაზე ინფორმაცია გასაჯაროვდება, თუმცა ისინი ვერ თანხმდებიან უკრაინის მომავალზე და ბირთვული იარაღის შემცირების შეთანხმების გაგრძელებაზე. ტრამპის და პომპეოს თქმით აშშ-ს სურს შეთანხმებაში ჩინეთიც ჩაერთოს.

კომენტარები