უზენაესი სასამართლო

ევრ. საქართველო: 20 კანდიდატიდან უზენაესის მოსამართლეობის სტანდარტს მხოლოდ 2 აკმაყოფილებს

ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, კანდიდატებს შორის უზენაესის მოსამართლეობის სტანდარტს მხოლოდ ორი მათგანი - თამარ ზამბახიძე და ალექსანდრე წულაძე აკმაყოფილებს. თამარ ზამბახიის სტარნდარტებთან შესაბამისობაზე ევროპული საქართველო შუალედურ ანგარიშშიც საუბრობდა და აცხადებდა, რომ მის უვადოდ გამწესებას მხარს დაუჭერდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ინდივიდუალური კენჭისყრა 12 დეკემბერს, იურიდიულ კომიტეტში გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროპული საქართველოდან საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განხილვის დაწყებიდან კრიტერიუმები შეიმუშავეს, რითაც კანდიდატთა კომპეტენტურობას, კეთილსინდისიერებასა და ზოგად განათლებს/ფასეულობებს აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საქართველოს წევრები არ აპირებენ პარლამენტში დაგეგმილ საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, შეფასების საბოლოო შედეგებს აქვეყნებენ. 

ევროპული საქართველო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს აფასებს სამი კრიტერიუმის საფუძველზე: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები. ამ შეფასების ქულათა სისტემა კი გულისხმობს თითოეული კანდიდატის 10-ქულიანი სისტემით შეფასებას.

"წარმოდგენილი 20 მოსამართლეობის კანდიდატიდან მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს. ესენი არიან თამარ ზამბახიძე და ალექსანდრე წულაძე. ამასთან, წარმოდგენილი 20 მოსამართლეობის კანდიდატიდან 8 კანდიდატი აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს. ესენი არიან შოთა გეწაძე, მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე, გოჩა ჯეირანაშვილი, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი. ზემოთ აღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში მიღებული შეფასებების მიხედვით თითოეული კანდიდატის საშუალო ქულა მერყეობს 4-7 ქულამდე" - ნათქვამია ევროპული საქართველოს საბოლოო შეფასებაში.

პარტია აღნიშნავს, რომ დარჩენილი 10 კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტსაც კი, რადგან თითოეულ კრიტერიუმში მიღებული შეფასებების მიხედვით თითოეული კანდიდატის საშუალო ქულა მერყეობს 1-3 ქულამდე. ესენი არიან თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, პაატა სილაგაძე. 

გთავაზობთ დეტალურად იმ ათ კანდიდატს, რომელიც ევროპული საქართველოს სისტემით, მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ.

1. შალვა თადუმაძე

კომპეტენტურობა 2 ქულა

ა) ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტი - პირისთვის მიყენებული ფიზიკური ან მორალური ზიანი არ არის საკმარისი ასეთი პირის დაზარალებულად ცნობისთვის.

ბ) პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე საჯარო მოსმენის დროს თავის დიპლომში ეძებდა ისეთი საგნის შეფასებას, რომელიც საერთოდ არ უსწავლია უნივერსიტეტში.

გ) პარლამენტის მიმართა დეპუტატი ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით, რომელიც არ შეიცავდა არანაირ მტკიცებულებას და დასაბუთებას, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ასევე მოყვანილი სამი სასამართლო გადაწყვეტილებიდან ერთი არ არსებობს სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკაში და დანარჩენი ორი გადაწყვეტილება ეხება სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების მქონე საქმეს და შემხებლობა არ აქვს დეპუტატის მანდატის შეწყვეტასთან და დაპატიმრებასთან.

დ) მის მიერ წარმოდგენილი დიპლომი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შემდგომ უკვე პარლამენტში შეიცავს სიყალბის ნიშნებს.

ე) ვერ განმარტა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ვ) ვერ გააკეთა სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია ჰიპოთეტურ კაზუსზე, რომელიც შეეხებოდა მოსამართლის მიერ საჭირო დიპლომის არქონის პირობებში მოსამართლეობას.

ზ) თვლის, რომ სახალხო დამცველს უფლება არ აქვს შეაფასოს ის კრიტერიუმები რითიც უნდა მოხდეს მოსამართლეების შეფასება.

კეთილსინდისიერება 1 ქულა

ა) დიპლომის მოპოვება ვერ ხერხდება ვერცერთი სახელმწიფო უწყებიდან, სადაც მუშაობდა.

ბ) ვერ ასახელებს სამ კურსელს და ვერცერთ ლექტორს იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად სწავლობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში.

გ) როგორც გენერალურ პროკურორს, მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში თანამონაწილე რამდენიმე პირს, ვინც აღბეჭდილია ვიდეო კადრებზე და იდენტიფიცირებულები არიან, ბრალი არ აქვთ წარდგენილი და შესაბამისად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში დღემდე არ არიან შეყვანილები. 

დ)  როგორც გენერალურ პროკურორს, მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ გიორგი სულაშვილმა, მაკო გომურმა და ოცდაათზე მეტ ჟურნალისტს დღემდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ „გავრილოვის ღამეს“ მიადგათ ფიზიკური ზიანი და ხელი შეეშალათ პროფესიულ საქმიანობაში. ასევე მას ეკისრება პასუხისმგებლობა გარდაცვლილი ია კერზაიას საქმეში მისი შვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის დღემდე არ მინიჭებაზე.

ე) პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე საჯარო მოსმენის დროს არ გასცა პასუხი შერჩევითი სამართლის-პოლიტიკურად მიკერძოებულ სისხლისსამართლებრივ დევნის შემთხვევებზე.

ვ) ფიქსირდება დეკლარაციების არასწორი შევსება და სავარაუდო დაუსაბუთებელი შემოსავალი.

ზოგადი განათლება და ფასეულობები

ა) არაეთიკურ ქმედებად მიიჩნევს  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის მიერ წარსულში განხორციელებულ ქმედებას, კერძოდ, საპროტესტო აქციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი მობილურის ნომრის საჯაროდ გამოცხადებას. პროტესტის ნიშნად აღნიშნული პირის მიერ პარლამენტში საჯარო მოსმენის დროს დასმულ ყველა შეკითხვას დუმილით უპასუხა.

ბ) ვერ ახსნა თუ რას განასახიერებს თემიდა.

ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს;

2. ზაზა თავაძე

კომპეტენტურობა - 2 ქულა

ა) არ აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი და არც დოქტორის ხარისხი. 

ბ) ვერ ახსნა სრულყოფილად კონსტიტუციონალიზმის არსი.

გ) არ იცნობს საფუძვლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს ისეთ გადაწყვეტილებებსაც კი, რომლებზეც მისი ხელმოწერაა.

დ) ვერ ჩამოთვალა და ვერ ახსნა პროპორციულობის  ტესტის საფეხურები, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში მათ შორის მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებით არის დადგენილი.

ე) ფიქრობს, რომ მოსამართლის იდეოლოგიურმა მსოფლმხედველობამ შეიძლება გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე, მაგალითისთვის მოიყვანა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ანტონინ სკალია და რუთ ბეიდერ გინსბურგი, მაგრამ ვერ ახსნა მათი განსხვავებული იდეოლოგიები.

ვ) არ იცის სამართლის ფილოსოფოსი მილის „ზიანის პრინციპი“, რომელსაც ასახავს კანდიდატის მიერ გამოტანილი რამდენიმე გადაწყვეტილება.

ზ) დისკრიმინაციის შეფასების ორი ტესტი სწორად ახსენა თუმცა ვერ გააკეთა განმარტება თუ რას ნიშნავს თითოეული მათგანი.

თ) ვერ ახსნა სოციალური კონტრაქტის თეორიის არსი.

კეთილსინდისიერება

ა) პარლამენტში საჯარო მოსმენის დროს გამოიკვეთა, რომ არასწორად აქვს შევსებული დეკლარაციები.

ბ) მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს საეჭვოდ დაემთხვა დროში საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის, მათ შორის, კანდიდატის მიერ გაკეთებული ანალოგიური შინაარსის განცხადება, სადაც გააპროტესტეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ პოლიტიკური დატვირთვის მქონე საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანის ფორსირება მათთან შეუთანხმებლად. აღნიშნული მიუთითებს კანდიდატის მიკერძოებას მმართველი ხელისუფლებისადმი.

გ) როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეს პასუხისმგებლობა ეკისრება ისეთ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანის გაჭიანურებაზე, რომლის მიმართაც ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება არსებობს. ამის საილუსტრაციოდ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს დროში საეჭვოდ დაემთხვა კანდიდატის საჯარო განცხადება, რომლითაც გააპროტესტა საკონსტიტუციო სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარე პოლიტიკური დატვირთვის მქონე საქმეებზე გადაწყვეტილებების ფორსირებისთვის, და ამასთან მოითხოვა 2014-2015 წლებში ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის გამოძიება ისევ ხელისუფლების წარმომადგენელი ორგანოს-პროკურატურის მიერ და მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ მოითხოვა გადაწყვეტილებების გამოტანა.

დ) ზემოთ აღწერილ გარემოებებს დროში საეჭვოდ დაემთხვა დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება.

ზოგადი განათლება და ფასეულობები- 1 ქულა

ა) კანდიდატმა საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარეობის დროს თავის მოადგილედ წარადგინა მერაბ ტურავა, რომელმაც წარსულში მოსამართლეობის დროს განიხილა საქმე, სადაც საოკუპაციო რეჟიმის დოკუმენტი მიიჩნია იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებად. ასევე, თვითნებურად დაწვა საავადმყოფოში იმ მოტივით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა გაეჭიანურებინა.

ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

3. ვლადიმერ კაკაბაძე

კომპეტენტურობა - 1 ქულა

ა) ვერ ახსნა კონდიქციური ვალდებულების არსი.

ბ) სწორად უპასუხა წინა კანდიდატების საჯარო მოსმენებზე დასმულ შეკითხვას თუ რა განსხვავებაა პატივსა და ღირსებას შორის.

გ) „ფილიპ მორისის“ საქმეზე გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, არარსებული კანონმდებლობის საფუძველზე, კანონის არასწორი ინტერპრეტაციითა და ფაქტებისა და მტკიცებულებების უგულებელყოფით დაწერილი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

დ) ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან ფაქტსა და შეფასებას.

ე) სამართლებრივად აბსურდულია მისი სარჩელი ფადი ასლის წინააღმდეგ, რადგან არ ესმის გამოხატვის თავისუფლების შინაარსი და მისი ფარგლები, ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან ფაქტსა და შეფასებას. თუმცა აღნიშნული საქმე ვლადიმერ კაკაბაძემ უზენაეს სასამართლოში წააგო.

ვ) ვერ ახსნა განსხვავება შერაცხადობასა და ქმედუნარიანობას შორის. 

კეთილსინდისიერება 1 ქულა

ა) კანდიდატის, როგორც მოსამართლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა სერიოზულ ეჭვს იწვევს, რადგან მან მიიღო სამართლებრივად აბსურდული გადაწყვეტილება „ფილიპ მორისის“ საქმეზე. ამასთან, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საეჭვოდ დაემთხვა 2018 წლის 19 სექტემბერს ტელევიზიაში გავრცელებული ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქრუაშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი, სადაც საუბარია „ფილიპ მორისის“ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ და ასევე სასამართლოს მიერ ქვეყანაში სიგარეტის მსხვილი იმპორტიორის შეჩერების გეგმაზე. 

ზოგადი განათლება და ფასეულობები

ა) მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოში და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე საჯარო მოსმენის დროს ერთი და იმავე შეკითხვით რამდენჯერმე მიმართვა ჩეკისტური დაკითხვაა.

ბ) არ იცნობს „თავისუფლების დიდი ქარტიის“ დოკუმენტს.

4. მერაბ გაბინაშვილი


ფოტო: პარლამენტი

კომპეტენტურობა, 2 ქულა

ა) სამი მცდელობის მიუხედავად, ვერ გასცა სწორი პასუხი თუ რას ნიშნავს სამართლებრივი პოზიტივიზმი და ნეგატიური უფლებები. 

ბ) მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის პროცესში მხარეს არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ დამატებითი სახის აღკვეთის ღონისძიების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება.

გ) მიიჩნევს, რომ ძირითადი აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად დამატებითი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება პირის თავისუფლების შეზღუდვის ხარისხს არ ზრდის.

კეთილსინდისიერება 2 ქულა

ა) განიხილა დეპუტატ ნიკა მელიას საქმე  და კანონის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად არ მისცა დამატებითი სახის აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების უფლება.

ბ) 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ შედგენილი 10 კაციანი სიის წევრია და არ გააჩნია კითხვები ამ პროცესის სამართლიანობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. თვლის, რომ სასამართლოს ავტორიტეტს იუსტიციის საბჭოში ბატონი გიორგი მიქაუტაძის საქმიანობა კი არა, არამედ საზოგადოების აღშფოთება ლახავს.

ზოგადი განათლება და ფასეულობები 2 ქულა

ა) ვერ ასახელებს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და საბჭოთა კავშირში რა სახის პოლიტიკური რეჟიმები არსებობდა.

ვერ აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

5. პაატა სილაგაძე

კომპეტენტურობა - 2 ქულა

ა) არ იცის სუსპენზიურობის ეფექტის მნიშვნელობა ადმინისტრაციულ სამართალში.

ბ) არ გასცა პირდაპირი პასუხი შეკითხვას უნდა ისჯებოდეს თუ არა ადამიანი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო.

გ) არ ესმის სრულყოფილად გამოხატვის თავისუფლების არსი და მისი შეზღუდვის საფუძველი. ასევე, არ იცის თუ რა ტესტს იყენებს სასამართლო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დროს იმისათვის, რომ შეზღუდვა ჩაითვალოს გამართლებულად ან პირიქით.

დ) განაცხადა, რომ არ სმენია კონსტიტუციურ ნორმათა ავტონომიური განმარტების შესახებ.

ე) მეტ-ნაკლებად სრულყოფილად განმარტა უკუძალის აკრძალვის პრინციპი, თუმცა არ იცის ნამდვილი და არანამდვილი უკუძალის ცნებები და შესაბამისად, არ იცნობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სადაც განმარტებულია ეს ორი ცნება.

კეთილსინდისიერება 2 ქულა

ა) კანდიდატი წარმოდგენილი იყო 2018 წლის დეკემბერში, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად შედგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციან სიაში, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასაუბრებისას თქვა, რომ არ ახსოვდა ვინ შესთავაზა კანდიდატთა სიაში ჩაწერა. ხოლო მოგვიანებით, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საჯარო მოსმენის დროს კი განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ სატელეფონო ზარის საშუალებით შესთავაზა მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ჩაწერა. კანდიდატების შერჩევის მთლიან პროცესთან დაკავშირებით მას არ აქვს კითხვის ნიშნები.

ბ) კანდიდატი დღემდე არ არის გამოკითხული მოსამართლის საკვალიფიკაციო საგამოცდო ტესტების გაჟონვის საკითხთან დაკავშირებით, არ იცის ვინ არის პასუხისმგებელი პირი ამ ინციდენტზე და არც რაიმე კითხვები ან/და პრეტენზია აქვს გაჭიანურებული და არაეფექტური გამოძიების შესახებ. ამასთან, აღნიშნული ტესტების გაჟონვა მისი იუსტიციის საბჭოს წევრობის დროს მოხდა.

გ) კანდიდატის იუსტიციის საბჭოს წევრობის დროს მოსამართლე გუჯაბიძეს სახელმწიფო აძლევდა თანხას, რათა იგი უზრუნველყოფილი ყოფილიყო საცხოვრებლით. აღნიშნული თანხით კი მან საცხოვრებელი სახლი იქირავა საკუთარი დედისგან, რასაც ასევე ადასტურებს კანდიდატი. კანდიდატი სილაგაძე აღნიშნული ფაქტის შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან არაეთიკურად მიაჩნია კოლეგა მოსამართლის ქმედების შეფასება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე იუსტიციის საბჭომ დისციპლინური წარმოება დაიწყო, მაგრამ არ ახსოვს ის ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭომ აღნიშნული საქმე დახურა მოსამართლე გუჯაბიძის ქმედებაში არაეთიკური ნიშნების არარსებობის გამო. ასევე არ ახსოვს თუ როგორ შეაფასა მოსამართლე გუჯაბიძის საქმე იუსტიციის საბჭოში განხილვის დროს, როგორც ამ ორგანოს ერთ-ერთმა წევრმა.

დ) კანდიდატს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოწონებული აქვს სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ დიმიტრი გვრიტიშვილის  და სერგო მეთოფიშვილის ურთიერთწინააღმდეგობრივი შინაარსის მქონე პოსტები. დიმიტრი გვრიტიშვილის პოსტის მიხედვითაც სიცრუეა რომ 2012 წლამდე მოსამართლეები ხალხს პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებდნენ. ხოლო სერგო მეთოფიშვილის ფეისბუქ პოსტში ნათქვამია, რომ 2012 წლის შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა სასამართლოს დამოუკიდებლობის მისაღწევად და სასამართლო სისტემა 2012 წლიდან  გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან. თუმცა, კანდიდატი ამბობს, რომ სერგო მეთოფიშვილის ფეისბუქ პოსტის მხოლოდ იმ ნაწილს ეთანხმება, სადაც საკანონმდებლო ცვლილებებზეა საუბარი.

ე) ვერ ასახელებს პრობლემას/გამოწვევას რაც არსებობს დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის თაობაზე.

ვ) 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით 2015 წლის მანძილზე კანდიდატის და მისი მეუღლის შემოსავალი შეადგენდა 159 554 ლარს, ხოლო გასავალი იყო 212 364 ლარი, თუმცა არ იცის თუ რატომ არის დეკლარაციაში 52 810 ლარით მეტი გასავალი გაწერილი ვიდრე შემოსავალი. 

ზოგადი განათლება და ფასეულობები 2 ქულა

ა) ვერ იხსენებს ვერცერთ სამართლებრივ ნაშრომს, რაც წაიკითხა ბოლო სამი წლის განმავლობაში და რაიმე ტიპის გავლენა მოახდინა მასზე.

ბ) ფიქრობს, რომ კონსტიტუცია მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობას აღიარებს. ასევე განაცხადა, რომ სხვა რელიგიებსაც აქვს არსებობის უფლება.

ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

6. თამარ ალანია

თამარ ალანია
ფოტო: პარლამენტი

კომპეტენტურობა 5 ქულა

ა) მიღებული აქვს რიგ შემთხვევებში მყარი სამართლებრივი დასაბუთების მქონე გადაწყვეტილებები. 

ბ) ვერ გასცა პასუხი თუ რას ნიშნავს სამართლებრივი ნორმის ფორმალური, აბსტრაქტული და კონკრეტული კონტროლი.

კეთილსინდისიერება 2 ქულა

ა) არ გასცა პასუხი მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ პარლამენტში მიღებული დადგენილება ამნისტიის ფარგლებში ინდივიდუალურად განსაზღვრული პირების გათავისუფლების შესახებ ეწინააღმდეგება თუ არა სისხლის სამართლის კოდექსს.

ბ) არ გასცა პასუხი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ოპოზიციური პოლიტიკური ძალის კანდიდატთან, შალვა შავგულიძესთან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღება მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ არღვევდა თუ არა სამოსამართლეო ეთიკას.

გ) 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ შედგენილი 10 კაციანი სიის წევრია და არ გააჩნია რაიმე სახის კითხვები ამ პროცესის სამართლიანობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

ზოგადი განათლება და ფასეულობები 2 ქულა

ა) თვლის, რომ რუსეთის სახელმწიფო ოკუპანტია, თუმცა მოსამართლის მიერ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საჯაროდ დაგმობა არღვევს სამოსამართლეო ეთიკას.

ვერ აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

7. მირანდა ერემაძე

მირანდა ერემაძე
ფოტო: პარლამენტი

კომპეტენტურობა 2 ქულა

ა) რიგ შემთხვევებში აქვს ლოგიკური და მყარი სამართლებრივი მსჯელობის მქონე გადაწყვეტილებები გამოტანილი.

ბ) ელექტრონული ფოსტა მიიჩნია არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებად და არ დაუქვემდებარა  საჯარო ინფორმაციის ღიაობის კანონმდებლობით დადგენილ წესს. პარლამენტში საჯარო მოსმენის დროს კი უარი განაცხადა საჯაროდ თავისი გადაწყვეტილების ახსნაზე.

გ) ვერ ახსნა თუ რატომ კრძალავს კონსტიტუცია რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას ადამიანთა უფლებების შესაზღუდად.

კეთილსინდისიერება 2 ქულა

ა) ეთანხმება და იზიარებს იუსტიციის საბჭოს მდუმარებას მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ სასამართლოს მწვავედ გაკრიტიკების შემთხვევაში და აუცილებლად მიიჩნევს იუსტიციის საბჭოს რეაგირებას ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისგან ან არასამთავრობო სექტორისგან მომდინარე კრიტიკაზე.

ზოგადი განათლება და ფასეულობები 2 ქულა

ა) ვერ ახსნა თუ როგორი სახელმწიფო მოდელი არსებობს ლიბერალურ დემოკრატიაში. 

ბ) არ არის წინააღმდეგი პარლამენტის მიერ გამოცემულ კრებულში, სადაც ასახულია საქართველოს პირველი პარლამენტარების ბიოგრაფიები, ასევე აისახოს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრების ბიოგრაფიებიც.

ვერ აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

8. მამუკა ვასაძე


ფოტო: პარლამენტი

კომპეტენტურობა 2 ქულა

ა) სწორად ჩამოთვალა და განსაზღვრა სისხლის სამართალში მტკიცების სტანდარტების სახეობები, ქმედუნარიანობა და შერაცხადობა. ასევე სწორად აღნიშნა, რომ პატივი და ღირსება არ შეიძლება ჰქონდეს იურიდიულ პირს.

ბ) ვერ გასცა პასუხი თუ რა განსხვავებაა ადამიანის პატივსა და ღირსებას შორის. 

გ) ვერ ჩამოთვალა და ვერ ახსნა სამართლებრივი ნორმის დისკრიმინაციულობის შეფასების ტესტები. 

კეთილსინდისიერება 1 ქულა

ა) როგორც გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, კურირებს მათ შორის საგამოძიებო ნაწილს. შესაბამისად, ის არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი არაერთი გახმაურებული საქმის გაჭიანურებულ გამოძიებაზე, სადაც ფიგურირებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები. პროკურატურის მხრიდან აშკარა იყო ასევე პოლიტიკური ხელისუფლებისადმი მიკერძოება.

ბ) პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე საჯარო მოსმენის დროს არ გასცა პასუხი შერჩევითი სამართლის-პოლიტიკურად მიკერძოებულ სისხლისსამართლებრივ დევნის შემთხვევებზე.

ზოგადი განათლება და ფასეულობები 1 ქულა

ვერ ასახელებს ვერცერთ სამართლებრივ ნაშრომს და ვერცერთ ნაწარმოებს მხატვრული ლიტერატურიდან, რამაც მასზე მოახდინა რაიმე ტიპის გავლენა.

ვერ აკმაყოფილებს ზოგადად მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

9. ნინო ქადაგიძე


ფოტო: პარლამენტი

კომპეტენტურობა - 3 ქულა

ა) კანდიდატმა 2016 წლის 20 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც  საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები არ მიიჩნია ოფიციალურ დოკუმენტად და საჯარო ინფორმაციად მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის მიხედვით აუდიოჩანაწერი მიჩნეულია ოფიციალურ დოკუმენტად და საჯარო ინფორმაციად. გადაწყვეტილება დააყრდნო იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებულ დებულებას და არა მის ზემდგომ და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონს - ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. 

ბ) ვერ ჩამოთვალა ლიბერალური დემოკრატიისა და არჩევითი დემოკრატიის განმასხვავებელი ნიშნები.

გ) ვერ ჩამოთვალა სრულყოფილად აბსოლუტური უფლებები და ამასთან, აღნიშნა, რომ სიცოცხლის უფლება არის აბსოლუტური უფლება.

დ) რიგ შემთხვევებში აქვს მიღებული კარგი დასაბუთების მქონე გადაწყვეტილებები.

ე) მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლო კონცეპტუალური სასამართლოა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას. ამიტომ თუ მომავალში დაუდგა საკითხი იმგვარად, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ეთანხმებოდეს, მაგრამ არ იზიარებდეს სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას, მაშინ უპირატესობას მიანიჭებს განსხვავებული აზრის დაფიქსირებას.

კეთილსინდისიერება - 2 ქულა

ა) პოლიტიკური მიკერძოების შესახებ კითხვის ნიშნებს აჩენს კანდიდატის მიერ 2016 წლის 20 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც  საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები არ მიიჩნია ოფიციალურ დოკუმენტად და საჯარო ინფორმაციად მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის მიხედვით აუდიოჩანაწერი მიჩნეულია ოფიციალურ დოკუმენტად და საჯარო ინფორმაციად. გადაწყვეტილება დააყრდნო იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებულ დებულებას და არა მის ზემდგომ და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონს - ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. 

ბ) კანდიდატი ნინო ქადაგიძე ერთ-ერთი იყო იმ 10-კაციან სიაში, რომელიც 2018 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა უზენაეს სასამართლოში ასარჩევად. შემდგომში მწვავე საზოგადოებრივი გამოხმაურების შედეგად კანდიდატმა, სიაში მყოფ სხვა მოსამართლეებთან ერთად, საჯაროდ მიმართა პარლამენტს, არ განეხილათ მათი კანდიდატურები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიას აქვს ადგილი, რაც  სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს არღვევს. 

გ)  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესს, მათ შორის იუსტიციის საბჭოს საქმიანობას და როლს აფასებს დადებითად. ხოლო 2018 წლის დეკემბერში მოსამართლეების ათკაციანი სიის წარდგენის პროცესი იყო კანონიერი, მაგრამ ნაკლოვანი, მაგრამ არ ასახელებს თუ კონკრეტულად რაში გამოვლინდა ნაკლოვანება.

დ) კანდიდატის თქმით, პოლიტიკური განცხადებებს არასოდეს გააკეთებს, თუმცა მას სოციალურ ქსელ ფეისბუქში მოწონებული აქვს სერგო მეთოფიშვილის პოსტი, სადაც არაკორექტული პოლიტიკური მიმართვაა გაკეთებული არასამთავრობო სექტორის მიმართ. თავს არიდებს კოლეგა სერგო მეთოფიშვილის ქმედების შეფასებას, თუმცა ვერ ხსნის არაეთიკურია თუ არა მის მიერ აღნიშნული შინაარსის ფეისბუქ პოსტის მოწონება.

ე) ფიქრობს, რომ 2018 წლის დეკემბერში მოსამართლეების ათკაციანი სიის შედგენა და შემდგომ განვითარებული მოვლენები სასამართლოს ავტორიტეტისთვის დადებითი პროცესი არ იყო.

ვ) დღევანდელი გადმოსახედიდან ფიქრობს, რომ წინა წლის დეკემბერში ათკაციანი სიის შედგენაში არ მიიღებდა მონაწილეობას, რადგან შემდგომი განვითარებული მოვლენები მძიმე გადასატანი იყო მისთვის. კანდიდატისთვის მთავარია ჰქონდეს თავისი საქმის კეთების შესაძლებლობა და არ აქვს მნიშვნელობა რომელ ინსტანციაში იქნება მოსამართლედ დანიშნული.

ზოგადი განათლება და ფასეულობები - 4 ქულა

ა) ფიქრობს, რომ ქალისა და მამაკაცის განსხვავებული საპენსიო ასაკი არ არის გამართლებული.

ბ) თვლის, რომ სიძულვილის ენა არ უნდა იყოს დასჯადი.

გ) თვლის, რომ თავისუფლების კონცეფცია და თანასწორობის კონცეფცია ერთმანეთს ავსებს. თუ არ იქნება თავისუფლება, მაშინ ვერ მოხდება ბრძოლა თანასწორობისთვის და თუ თანასწორები არ არიან ადამიანები მაშინ ისინი არც თავისუფლები იქნებიან. 

დ) მიიჩნევს, რომ ინკვიზიციურობის პრინციპის ელემენტები ადმინისტრაციული სამართალწარმოების მსგავსად სისხლის სამართალწარმოებაშიც უნდა არსებობდეს.

ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

 

10. ლაშა ქოჩიაშვილი

კომპეტენტურობა - 5 ქულა

ა) არ მიაჩნია სამართლიანად ადამინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო პირის მთლიანი ქონების დაყადაღება, რადგან არ ასახავს პროპორციულობის პრინციპს.

ბ) მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახალი გარემოების გამო საქმის წარმოება განახლდა. 

გ) მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ კონკრეტული დავის განხილვის დროს კონკრეტული ხელშეკრულება თუ ცნო კანონიერად და ნამდვილად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს სხვა სამართლებრივ დავაში, სადაც იგივე კონტრაქტი არის შესაფასებელია, შეუძლია დაადგინოს, რომ არის არაკანონიერი. 

დ) იზიარებს პრინციპს, რომ ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო.

ე) ვერ ახსნა მნიშვნელობა/როლი და ჩამოთვალა სრულყოფილად უშუალო დემოკრატიის ფორმები.

ვ) ქართული დემოკრატიის მთავარ გამოწვევად მიიჩნევს უმცირესობების უფლებების დაცვას.

ზ) სახელმწიფო დროშის დაწვა მიაჩნია გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ქმედებას, რაც მისთვის ასახავს მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე იცნობს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

კეთილსინდისიერება - 2 ქულა

ა) კანდიდატის მიკერძოების შესახებ კითხვებს აჩენს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება   ე.წ. „მერსედეს-ბენცის“ საქმეზე, რომელიც ეხებოდა დავით ძოწენიძესა და შპს „აკას“ პარტნიორებს შორის არსებულ დავას. საქმის თავდაპირველი განხილვის დროს კანდიდატმა მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვიტა დავა, რომლის განხილვის დროს შეაფასა და გადაწყვეტილებაშიც ასახა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება (1996 წლის 15 მარტის #2 ოქმის ასლი). აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომმა ორი ინსტანციის სასამართლომ უცვლელად დატოვა. მოგვიანებით მოპასუხე მხარემ აღნიშნული ოქმის დედანი წარადგინა სასამართლოში და საქმისწარმოება კანდიდატმა განაახლა. კანდიდატმა იდენტური შინაარსის მქონე კონკრეტული სხდომის ოქმის დედანი მიიჩნია ახალ გარემოებად და გადაწყვეტილება შეცვალა მოპასუხე მხარის სასარგებლოდ. ამასთან,  წარმოების განახლების შესახებ განჩინებაში მოსამართლემ მიუთითა : „„კრების ოქმის დედანი სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გამოიწვევდა მოპასუხეებისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას“.

ბ) კანდიდატმა განიხილა  რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმე, სადაც სასარჩელო დავის ღირებულება შეადგენდა 4553 ლარს, რისი უზრუნველყოფისთვისაც გადაწყვეტილების შედეგად აკრძალვა დაადო  ათეულობით მილიონი ღირებულების ქონებას, თუმცა ვერ ახსნა თუ რატომ არის სამართლიანი მისი გადაწყვეტილება.

გ) „აიისას“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპული კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავდა აღნიშნულ საქმეში, ხოლო ამერიკული სტანდარტი პირიქით. ასევე აღნიშნა, რომ ქართული კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების ამერიკულ სტანდარტს ასახავს, თუმცა ამბობს, რომ მხოლოდ საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების განხილვის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელი სტანდარტით იხელმძღვანელებს.

ზოგადი განათლება და ფასეულობები - 2 ქულა

ა) კანდიდატი თვლის, რომ არავის დარწმუნება არ სჭირდება მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სისწორეში და სამართლიანობაში. 

ბ) მისთვის, როგორც მოსამართლისთვის პირველი წიგნი არის კონსტიტუცია.

გ) ქართული დემოკრატიის მთავარ გამოწვევად მიიჩნევს უმცირესობების უფლებების დაცვას.

დ) „აიისას“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპული კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავდა აღნიშნულ საქმეში, ხოლო ამერიკული სტანდარტი პირიქით. ასევე აღნიშნა, რომ ქართული კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების ამერიკულ სტანდარტს ასახავს, თუმცა ამბობს, რომ მხოლოდ საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების განხილვის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელი სტანდარტით იხელმძღვანელებს.

კომენტარები