სასამართლო სისტემა

დეპუტატები მმართველ გუნდს უვადო მოსამართლეობის კენჭისყრის საშუალებას არ აძლევენ

დეპუტატები მმართველ გუნდს უვადო მოსამართლეობის კენჭისყრის საშუალებას არ აძლევენ

ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს უთხრა, რომ ვერ გააგრძელებს სხდომას და ვერ ჩაატარებს კენჭისყრას, თუ მას სიტყვის საშუალებას არ მისცემდა.

მანდატურებმა ტაბულას ჟურნალისტს დარბაზი ძალის გამოყენებით, ძალადობით დაატოვებინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

მანამდე თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ პარლამენტს ყოველგვარი ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და კენჭისყრის გადადება მოითხოვა. ენმ-ის დეპუტატმა მმართველ გუნდს სამარცხვინოები და მონები უწოდა.

მანამდე ანალოგიური მოთხოვნით კომიტეტს ეკა ბესელიამ მიმართა. მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა რეგლამენტის დარღვევაა.

უფრო კონკრეტულად კი, ბესელიას თქმით, პარლამენტის რეგლამენტის 88-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის პლენარული სხდომის დღეს კომიტეტის ჩატარება დაუშვებელია.

თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ბესელიას არ დაეთანხმა და მოუწოდა, რეგლამენტის სხვა მუხლებს გაეცნოს. მისივე თქმით, ბესელიას სხვა პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს.

გედევან ფოფხაძემ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

"მივიღეთ 20 კანდიდატი და შეგიძლიათ ცუდს და უარესს შორის არჩევანი გააკეთოთ. იურიდიულ წრეებს ბევრად უკეთესი კანდიდატების შემოთავაზება შეეძლოთ, რომ არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული კლანის და მათი ინტერესების წარმმართველი როლი ამ პროცესში. კანდიდატებს შორის უმრავლესობა არის სააკაშვილის რეჟიმის ოდიოზური კანდიდატები. იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილება არის პარლამენტისთვის გზავნილი, ვის უნთებთ მწვანეს და ვის არა", - თქვა ფოფხაძემ.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით კი, დღეს მოსამართლეების მხარდაჭერით ქართული ოცნება 1-ლი ოქტომბრის მიღწევებს დაასრულებს.

კომიტეტის კენჭისყრა გავლენას ვერ ახდენს იმაზე, თუ ვინ წარსდგება პლენარულ სხდომაზე - პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს მაინც უყრის, თუმცა, იურიდიულ კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება გამოკვეთს, საბოლოოდ ვის მხარდაჭერას აპირებს მმართველი გუნდია.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობისთვის 19 კანდიდატი იბრძვის. კიდევ ერთმა მათგანმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ კანდიდატურა მოხსნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ არც ერთ კანდიდატს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი პარლამენტს მიმართეს მოწოდებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აირჩიონ უვადო მოსამართლეების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა.

კომენტარები