საქართველოს პარლამენტი

ქებურია პარლამენტში სითხის დასხმაზე: არ ვარ ვალდებული, კითხვას პასუხი გავცე

ევროპული საქართველოს წევრი ლელა ქებურია ამბობს, რომ ის არ არის ვალდებული უპასუხოს კითხვას, დაასხა თუ არა მძაფრი სუნის მქონე ნივთიერება პლენარულ სხდომათა დარბაზში. მისი თქმით, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად არის გამოძიებას პასუხი გასცეს. 

"ამ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის ჩემი ვალდებულება. ის ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს ის არის ვალდებული დაამტკიცოს ეგ და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. როგორც ვიცით წარმოდგენილი მტკიცებულებები არის კადრები, სადაც მე გადავაადგილდები მე პარლამენტში და აბსოლუტურად არსად არ მიუარყვია რომ მე პარლამენტში ვიყავი ნამდვილად და დეპუტატების პარლამენტში გადაადგილება ჯერჯერობით კანონით დასჯადი არ არის. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რაც გაჟღერდა მათი მხრიდან, ამაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება თავად მას ვინც ეს ბრალდება წამოაყენა, ხოლო მე აბსოლუტურად არ ვარ ვალდებული თავი ვიმართლო"- ამბობს ლელა ქებურია ტვ.პირველის ეთერში. 

დღეს პარლამენტის პლენარული სესია, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებისთვის უნდა ეყარათ კენჭი, მძაფრი სუნის დადგომის გამო შეწყდა. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, სხდომათა დარბაზში სპეფიციკური სითხე ევროპული საქართველოს დეპუტატებმა ლელა ქებურიამ და ირმა ნადირაშვილმა დაასხეს. პასუხისმგებლობა მოძრაობამ "სირცხვილია" აიღო.

კომენტარები