თავდასხმა გიგი უგულავაზე

საქმის პროკურორი: უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი უგულავა იყო

გიგი უგულავაზე და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის საქმის პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ ჟურნალისტებთან საქმის მიმდინარეობაზე ისაუბრა. 

ქობულაძის თქმით, უგულავას ფიზიკური შეურაცხყოფის მუხლით ედავებიან. 

"სიტყვიერი დაპირისპირება არცერთი პირის ბრალდებაში არ ფიგურირებს. თავის მხრივ უგულავა და მისი თანხმლები პირი და მათთან დაპირისპირებული მხარე განსხვავებულად აღწერენ. რასაც ვედავებით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ეს არის ფიზიკური შეურაცხყოფა", — ამბობს გიორგი ქობულაძე.

ქობულაძის ამბობს, რომ პროკურატურას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი, სწორედ გიგი უგულავა იყო.

"უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიგი უგულავა, ჩვენ მას სწორედ, ამ მუხლით ვედავებით", — განაცხადა ქობულაძემ. ამავდროულად, საქმის პროკურორი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ფიზიკური შეურაცხყოფა უგულავასაც მიეღო. ქობულაძის თქმით, თუ კი გამოძიების ფარგლებში საპირისპირო მომენტი გამოიკვეთება, საქმის მიმართულება შეიცვლება.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურა 5 ათას ლარიან გირაოსა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევას ითხოვს. სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გაიმართოს. 

კომენტარები