თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის ჯილდო 2019 გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ბაბუამ მიიღო

თანასწორობის ჯილდო 2019-ის ერთერთი მფლობელი ავთანდილ კონცელიძე გახდა, რომელიც გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის, ლიკას ბაბუაა. 

ლიკა 24 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ცხედარი სახლში არ მიუსვენებიათ. ავთანდილ კონცელიძე ლიკას ოჯახის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც მას სიცოცხლის ბოლო დღეებში უვლიდა. იმ პერიოდში ტრანსგენდერ ქალთან არც დედა მიდიოდა, არც მამა და არც ოჯახის სხვა წევრები. 

"იმის მიუხედავად, რომ მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ლგბტ+ თემზე, ის მტკიცედ მიიჩნევს, რომ გარიყვა დაუშვებელია. მან დიდი როლი შეასრულა იმითიც, რომ ავთანდილ კონცელიძე საჯაროდ ისაუბრა ოჯახის წევრების დამოკიდებულებაზე ლგბტ+ თემის წევრების მიმართ. ავთანდილ კონცელიძე არის მაგალითი, როგორ უპირობოდ შეიძლება გიყვარდეს საკუთარი ოჯახის წევრი" - წერს თანასწორობის მოძრაობა. 

თანასწორობის ჯილდო 2019 ლგბტქ უფლებების აქტივისტებსა და მხარდამჭერებს 12 დეკემბერს გადაეცათ. ჯილდოს 8 მფლობელი სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომელშიც მოძრაობის, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის წევრები შედიოდნენ. 

გამარჯვებულები არიან:

ბარი საქსესი

"დღეს და განსაკუთრებით წინა წლებში, როდესაც საკმაოდ მცირე იყო მეგობრული ადგილების რაოდენობა, ქვიარ თემისთვის, რომელიც საჯარო სივრცეში უხილავია გავრცელებული ჰომოფობიის გამო, მნიშვნელოვანი იყო ადგილები, სადაც ქვიარ ადამიანები ერთმანეთს გაიცნობდნენ და საკუთარი გენდერული იდენტობის, თუ სექსუალური ორიენტაციის გამოხატვა თავისუფლად შეეძლებოდათ".

მალხაზ სონღულაშვილი

"ჩვენ მას ვიცნობთ როგორც თანასწორობისა და ადამიანურობის უპირობო დამცველს, ვისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი და არა იერარქიის სათავეში ყოფნა. იგი არის მღვდელმთავარი, რომელიც მაგალითს გვაჩვენებს, რომ მღვდელმსახურება სწორედ ადამიანებზე ზრუნვაა".

მანო სვანიძე

"ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ხელს უწყობს ტრანსგენდერი ქალებისადმი არსებული სტერეოტიპების მსხვრევას. მისი საავტორო პროექტები, “ხვალინდელი სიმღერა”, “5 second rule” მოგვითხრობს ტრანსგენდერი ქალების ცხოვრების შესახებ".

ვარლამ მალანია 

"ჯილდო გადაეცემა იმ პოლიციელს, რომლის მიმართაც თემის წევრებს დიდი ნდობა აქვთ, რადგან იგი გულისხმიერებითა და პროფესიონალიზმით, სტერეოტიპებისა და ცრურწმენების გარეშე ემსახურება თემის ყველაზე დაუცველი – ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვას".

იური

"ჩვენი შემდეგი გამარჯვებულია ადამიანი, რომელსაც მნიშველოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში დრეგ კულტურის განვითარებაში".

გაბრიელა

"გაბრიელა სწორედ ის ადამიანია, ვისაც წვლილი შეაქვს ტრანს თემის გაძლიერებაში. იგი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს თავის დებს". 

თამარ მჭედლიშვილი

"თამარ მჭედლიშვილი მუშაობდა “თანასწორობის მოძრაობაში” იურისტის პოზიციაზე. ამ პერიოდში იგი სრულყოფილად ასრულებდა თავის საქმიანობას, ხშირად უწევდა სოციალური მუშაკის ფუნქციების შეთავსება და არასოდეს ზარდებოდა იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე მისი პროფესია მოითხოვდა. თამარი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებათა უკეთ გამოძიებაში".

და ჩვენ ვიცეკვეთ

"არ გვინდოდა, რომ ყურადღების მიღმა დაგვრჩენოდა წლის მოვლენა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ფილმი, რომლის სანახავადაც ბრიკადებისა და პოლიციის კორდონის გავლა მოგვიწია. გვინდა მადლიერებით აღვნიშნოთ ის გაბედაობა, რაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” შემოქმედებითმა ჯგუფმა გამოიჩინა". 

თანასწორობის მოძრაობის განცხადებით, ეს ჯილდო ლგბტქი აქტივისტებისა და მხარდამჭერებისთვის მადლიერების აქტია მათ მიმართ, ვისაც განსაკუთრებული გავლენა აქვს საზოგადოებაში ლგბტქ ადამიანების მიმართ არსებული დემოკიდებულებების შეცვლაზე. 

კომენტარები