სასამართლო სისტემა

EEAS: მოსამართლეების შერჩევის პროცედურას ახასიათებდა მნიშვნელოვანი ხარვეზები

Emerging Europe

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერმა გაავრცელა განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პროცესი ხასიათდებოდა მთელი რიგი ჩავარდნებით, მათ შორის გამჭვირვალობისა და მოსამართლეებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობით.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"გუშინ, საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლე  დაამტკიცა უზენაეს სასამართლოში, რომელიც  საქართველოს სამართლებრივი სისტემის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.

შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა. ამ ფაქტმა  უარყოფითი გავლენა მოახდინა  მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე, რომლის დროსაც მათი ჭეშმარიტი დამსახურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

ზოგიერთი კანდიდატი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით, რაც აშკარა იყო შერჩევის პროცესში. პარლამენტში მოსმენები გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა, საბოლოო კენჭისყრამდე, მეტი ძალისხმევა უნდა დათმობოდა კანდიდატთა შერჩევის დასაბუთებას.

საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის.

შესაბამისად, ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა იმისთვის, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და სხვა ძირითადი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები."

ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილის და საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 14 კანდიდატი გუშინ, 12 დეკემბერს მაინც დაამტკიცა.

________________________________________________________________________

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ.

პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც მიმართა წერილით, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს და არგუმენტებად 10 მიზეზი ჩამოთვალა.

შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარსდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება.

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს.

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. 

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა და სწორედ მათ გაესაუბრა პარლამენტი. თუმცა, საბჭოს არამოსამართლე წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ოპოზიციას პროცესის არალეგიტიმურობაზე საუბარი არ შეუწყვეტია. 

კომენტარები