ვაჟა გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილის ოჯახი "ოცნების" დაგეგმილ აქციაზე: საინტერესოა, ვის ეზეიმება

TV პირველი

"ვნახოთ, ვის ეზეიმება",-ასე გამოეხმაურა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ქართული ოცნების მიერ ხვალ, 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციას

"მინდა მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე, რომ ალფაბეტის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა, ვის ეზეიმება და ვის არა",-თქვა გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა. 

გაფრინდაშვილის ოჯახი მხარდამჭერებთან ერთად კვირას, 15 დეკემბერს, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვას აპირებს. ოჯახის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.

როგორც "ოცნებაში" ამბობენ, 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე აპირებენ, ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად საქართველოს დანიშვნა აღნიშნონ.

NGO-ების ინფორმაციით, აქციასთან დაკავშირებით, ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მიერ ადამიანების მობილიზაცია მიმდინარეობს, რაც, ძირითად შემთხვევებში, ქართული ოცნების ადგილობრივი ოფისებიდანაა მართული. პარტიაში ამტკიცებდნენ, რომ ორგანიზატორი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთაა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის შექმნას მოითხოვს

35-ე დღეა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს ჰყავთ გატაცებული. დღეს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, ექიმი პატიმრობაში დატოვეს.  

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ექიმი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები