ქართული ოცნების აქცია

ომბუდსმენი "ოცნების" აქციაზე: რეგიონებში ჩვენს რწმუნებულებს ზეწოლის ფაქტებს უდასტურებენ

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის განცხადებით, მის რწმუნებულებს რეგიონებში დაუდასტურეს, რომ 14 დეკემბერს ხელისუფლების მიერ მოწყობილ აქციაზე მოქალაქეები ზეწოლითა და იძულებით მიჰყავთ.

ომბუდსმენის რწმუნებულებს ეს ინფორმაცია კონფიდეციალობის დაცვის პირობით გაუზიარეს.

მსგავსი ცნობები სახალხო დამცველმა მიიღო აჭარიდან, ქვემო და შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან, სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან.

ომბუდსმენის თქმით, ირკვევა, რომ პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის სამიზნეები ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ-ების, საჯარო და მუსიკალური სკოლების, ბაღების თანამშრომლები არიან. ისინი ამბობენ, რომ აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ მსგავსი იძულება, სამსახურში პრობლემების შექმნის მუქარით, სისხლის სამართლის დანაშაული ნიშნებს შეიცავს. თუმცა კონფიდენციალობის დაცვის პირობის გამო სახალხო დამცველი გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას ვერ მიმართავს.

ომბუდსმენი ხელმძღვანელ პირებს იძულების შეწყვეტისკენ, საგამოძიებო ორგანოებს კი პასუხისმგებელი პირების გამოვლენისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველი მიმართავს მოქალაქეებსაც, რომ იძულების და ზეწოლის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ.

-------------------------------

ქართული ოცნების აქცია თბილისში 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე გაიმარება.

სახელისუფლებო აქციაზე დასასწრებად სხვადასხვა რეგიონიდან ადამიანები დილიდან გამოამგზავრეს. მათ ტრანსპორტირებას ქართული ოცნება უზრუნველყოფს.

მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ აქციის ორგანიზატორი "ოცნების" ახალგაზრული ფრთაა, შეკრების ოფიციალურ მიზეზად კი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ასახელებს.

ქართულმა ოცნებამ აქცია სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაგეგმა. პროტესტის ეს ტალღა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების პირობის უკან წაღებას მოჰყვა.

აქციაზე დასწრების მოთხოვნით საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები